წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი ამბობს, რომ დროა ვისაც წესრიგის დაცვა ევალება ახლავე იღონოს რამე, თორემ მალე შეიძლება ვინმემ მოედანზე დანაც კი დაატრიალოს. მიზეზი: კვირას, ჯეკ გრელიშს და კრის სმოლინგს ტრიბუნიდან ეგზალტირებული ფანები ჩაუხტნენ.
„ასტონ ვილას” 23 წლის შემტევ ნახევარმცველ გრელიშს გუშინ, „ბირმინგემთან” შეხვედრის დროს, მოედანზე ხულიგანი ჩაუხტა და ფეხბურთელის ცემა ცადა. რამდენიმე საათის შემდეგ, „არსენალისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში კი სმოლინგს შეუტია ვიღაცამ. გრელიში და სმოლინგი გადარჩნენ, მაგრამ მანჩესტერელთა კაპიტანმა ეშლი იანგმა შეშფოთებით განაცხადა, რომ ფეხბურთელები დაუცველები არიან.
ხოლო შირერმა, რომელიც ექსპერტად მუშაობს, თავის ბლოგში დაწერა: „რაც ხდება ამაზრზენია და თუ ამას ახლავე არ ვუწამლეთ, შემდეგზე ვიღაცამ შეიძლება დანაც დაატრიალოს. გარწმუნებთ, საქმე სერიოზულად არის. სად ყოფილა ჩვენი ფეხბურთი თუკი ვიღაც ხულიგანი თავს ასე ქცევის უფლებას აძლევს?!
ფეხბურთის შეფებმა „ბირმინგემი” მკაცრად უნდა დასაჯონ, რადგან მათი გულშემატკივარი საზიზღრად მოიქცა. ნურც ქულების დაკლების მოგვერიდება და ნურც ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშის. მერწმუნეთ, როგორც გინდა დავსაჯოთ კლუბი, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. ასეთ აშკარა აგრესიას ვერც კი ვიხსენებ. დღესვე საჭიროა სწორად რეაგირება. ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეიქმნას, თითქოს „ბირმინგემის” თავს ტონა აგური დავაყარეთ. ეგრეთწოდებული ფანები უნდა დავსაჯოთ. ვის დისკვალიფიკაცია უნდა მივუსაჯოთ, ვის — ფულადი ჯარიმა დავაკისროთ”.
ორივე ზემოთ ხსენებული ხულიგანი დაპატიმრებულია. დაპატიმრებულია შოტლანდიელი ფანიც, რომელმაც პარასკევს „ჰიბერნიანისა” და „რეინჯერსის” შეხვედრაში „რეინჯერსის” კაპიტნის ჯეიმს ტავერნიეს ცემა მოიწადინა.
„არსენალი”, „ბირმინგემი” და „ჰიბერნიანი” აცხადებენ, რომ დაკავებულ ხულიგნებს სამუდამოდ აუკრძალავენ ფეხბურთზე დასწრებას.