ბარსელონელი დენის სუარესი დროებით „არსენალში” გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მისმა თანაგუნდელმა და მოგვარემ, ურუგვაელმა ლუის სუარესმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა. მან დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის და დენისი ერთად არიან, რომელსაც მიაწერა:
„პატარა გალისიელო, ახალ გამოწვევაში წარმატებას გისურვებ”!
„პატარა გალისიელი” 25 წლისაა. ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩრდილო ლონდონელთა გუნდში ითამაშებს. ჯერჯერობით, მის სანაცვლოდ „მეთოფეები” „ბარსას” 2,2 მილიონ გირვანქას გადაუხდიან, თუმცა კლუბებმა მოილაპარაკეს, რომ სულაც არ არის გამორიცხული ზაფხულში დაახლოებით 20 მილიონი გირვანქის საფასურად მან უკვე მუდმივმოქმედ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
დენის სუარესი „ბარსელონაში” „ვილიარეალიდან” 2016 წელს გადავიდა და მას მერე „ბლაუგრანას” მაისურით ლა ლიგის 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ შეხვედრებში სუარესმა 3 გოლი შეაგდო.
მოგეხსენებათ, „არსენალის” მწვრთნელი ესპანელი უნაი ემერია, რომელიც ადრე „სევილიაში” მუშაობდა და სწორედ იქიდან იცნობს დენის სუარესს. ფეხბურთელი 2014-15 წლებში მისი შეგირდი გახლდათ — იმ სეზონში ნახევარმცველი იჯარით სწორედ „სევილიაში” გამოდიოდა.
„ზოგადად, ჩვენ ფლანგის მოთამაშეები გვჭირდება. დენისს კი ამ როლის შესრულება კარგად შეუძლია. მე მას „სევილიადან” ვიცნობ და ვიცი, რომ ფრთაზე თამაშის ნიჭი აქვს”, — თქვა ემერიმ.