თამაში, რომელსაც არგენტინის საუკუნის დერბის უწოდებდნენ კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად გაურკვეველი ვადით. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის მედია ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა 8 დეკემბერს ჩაატარონ. ლაპარაკია „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალურ შეხვედრაზე „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” შორის. პირველი მატჩი 2:2 დასრულდა.

კონმებოლის პრეზიდენტმა, პარაგვაელმა ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე ორივე გუნდის თანაბარ პირობებში ჩაყენება ვერ მოხერხდება. ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება თუ კლუბების წარმომადგენლები ასუნსიონში (პარაგვაის დედაქალაქი, სადაც კონმებოლის შტაბ-ბინა მდებარეობს) ჩამოვლენ და გამოსავალს ერთად მოვიფიქრებთ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანები „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსს დახვდნენ და სასტიკად დაარბიეს. გამოძიება მიდის დასკვნამდე, რომ დარბევის უკან „რივერ პლეიტის” გულშემატკივართა აგრესიული ჯგუფი „ბარა ბრავა” დგას.

მსოფლიო და სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთის ბოსების თავდაპირველი გადაწყვეტილებით თამაში ერთი დღით უნდა გადადებულიყო და კვირას ჩატარებულიყო, „ბოკა ხუნიორსი” კი მის უფრო მეტი ხნით გადადებას ითხოვდა.

მომხდარმა აჩვენმა, რომ არგენტინის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომების დაცვა პრობლემურია, არადა ამ პარასკევს, ბუენოს აირესში G20-ის სამიტია რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინაში ჩავლენ მსოფლიოს დიდი ლიდერები, მათ შორის დონალდ ტრამპი, ტერეზა მეი და ვლადიმირ პუტინი.

გავლენიანმა არგენტინელმა პოლიტიკოსმა და სხვადასხვა დროს მთავრობაში დიდ თანამდებობებზე ნამუშევარმა ანიბალ ფერნანდესმა მომენტით ისარგებლა და ქვეყნის ახლანდელ პრეზიდენტ მაურისიო მაკრისა და ქვეყნის უსაფრთხოების მინისტრ პატრისია ბულრიჩს იდიოტები უწოდა.