საქართველო მსოფლიოში მესამეა

საქართველო მსოფლიოში მესამეა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური ასპარეზობაში მოქმედმა ჩემპიონმა საქართველომ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მესამე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალიის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები ირაკლი დემეტრაშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57), გიორგი ლოლაძემ (73) და ლუკა მაისურაძემ (90) მოიპოვეს.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთის გუნდთან 3:4 დამარცხდა. მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ნინო გულბანმა (70) და ლაშა ბექაურმა (90), ხოლო ლოლაძემ, დემეტრაშვილმა და სოფიო სომხიშვილმტა (+70) წააგეს; წილისყრით დამატებითი ჭიდაობა სომხიშვილს მოუწია, ვინაც მეტოქესთან მეორედაც წააგო და ჩვენმა გუნდმა რეპეშაჟში გადაინაცვლა.

რეპეშაჟში მეტოქედ საფრანგეთის ნაკრები გვერგო. ორჯერ ჩამოვრჩით ორი ქულით – 0:2 და 1:3. ბექაურმა მოიგო, ლოლაძემ, გულბანმა და სომხიშვილმა წააგეს. თუმცა, დემეტრაშვილმა და ლიპარტელიანმა გადამწყვეტი ბრძოლები მოიგეს. ისევ წილისყრა და მატჩის ბედი ამჯერად ბექაურმა გადაწყვიტა.

მესამე ადგილისთვის ჩვენი გუნდი ჩინეთს დაეჭიდა და 4:1 დაამარცხა. აქაც ჩამორჩენით დავიწყეთ – ტრავმის გამო სომხიშვილმა ვერ იჭიდავა და წაგება ჩაეთვალა. თუმცა, ლოლაძემ, მაისურაძემ, დემეტრაშვილმა და ლიპარტელიანმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგეს და საქართველოს ნაკრებს მედალი მოუტანეს.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.