„ესტადიო დე ვალეკასზე“ გიორგი წიტაიშვილის „რეიო ვალეკანო“ „ბილბაოს“ მასპინძლობდა. ქართველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიმდინარეობდა შეხვედრის 28-ე წუთი, როდესაც კუთხურის დროს კარს უკანა ტრიბუნიდან გულშემატკივარმა ქაღალდის ჩიტებისა და ბურთულები სროლა დაიწყო. მსაჯმა ჩათვალა, რომ ასეთ პირობებში შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო. გუნდებმა ცოტა მოიცადეს და გასახდელებში შევიდნენ. როდესაც არბიტრმა ფეხბურთელებს კვლავ მოედანზე უხმო, ტრიბუნებიდან საგნების სროლა განახლდა. საბოლოოდ მატჩი შეწყდა.
როგორც კი მსაჯმა მატჩი შეწყვიტა, მადრიდის კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა, მარიანო დე პაკომ, სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩვენი ქალაქის საზოგადოება გმობს ვალეკასში მომხდარს და ყველას მოუწოდებს სპორტული ფასეულობების გარშემო გაერთიანდნენ. დაძაბულობა და საბოტაჟი პრობლემას ვერ უშველის. ასეთი მოპყრობა არც „რაიოს“ დაუმსახურებია და არც „ატლეტიკს“. ერთმანეთის პატივისცემაა საჭირო.“

რამდენიმე საათის შემდეგ მომხდარს გამოეხმაურა „რაიო ვალეკანოს“ კაპიტანი ოსკარ ვალენტინი:
„ეს უკვე აუტანელია. მდგომარეობამ ზღვარს მიაღწია. მოთმინების ფიალა დიდი ხნის განმავლობაში ნელ-ნელა ივსებოდა, თან ისე, რომ მომხდარის თავიდან ასაცილებლად არაფერი გაკეთებულა. გულშემატკივარს უნდა მოვუსმინოთ და გავუგოთ მას. ყველანი ერთმანეთს უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ ისე, რომ ყველაფერზე წინ „რაიოს“ ინტერესი დავაყენოთ“
იმავდროულად მისმა თანაგუნდელმა ალემანომ რადიო RNE-ს განუცხადა:
„ეს იყო გულშემატკივრების პროტესტი. ვფიქრობ, ისინი მართლები არიან; ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად.“
პრობლემა კი სწორედ სტადიონი „ვალეკასია“, რომლის სათამაშო მოედანს ფეხბურთელები დიდი ხნის განმავლობაში იწუნებდნენ, გულშემატკივარს კი სხვა ინფრასრუქტურა არ მოსწონდა. ბოლოს ისიც კი ითქვა, რომ გასახდელში ცხელი წყალი არ იყო. არ არსებობს საიტი, რომელზეც ქომაგები ბილეთების ყიდვას შეძლებენ. ახალი სეზონის პირველი ტურები „რაიომ“ სხვა „ლეგანესის“ სტადიონზე ჩაატარა, მაგრამ შინ დაბრუნებულ გულშემატკივარს რაც დახვდა არ მოეწონა.
გაუგებარია ისიც, თუ რა ბედი ეწევა თანხას, რომელიც ფანებმა აბონემენტებში გადაიხადეს, შეხვედრები კი სხვაგან იმართებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის გადადების გამო ეგრეთწოდებული „მიქს- ზონა“ და პრესკონფერენციები გაუქმდა, რამდენიმე ფეხბურთელმა მედიასთან სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც ისაუბრა.
– „რაიო“ ხვალ ივარჯიშებს. ხვალ თამაში არ იქნება, — განაცხადა გუნდის მწვრთნელმა, ბენატ სან ხოსემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
