სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!

სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!

არავინ ელოდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ სტუმრად, „ენფილდ როუდზე“ 3:0-ს მოუგებდა. შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად ცნობილმა ტელეჟურნალისტმა გარი ნევილმა თქვა, რომ ის, რა დღეშიც ახლა „ქალაქელები“ არიან პრემიერლიგისთვის ძალიან ცუდია – ლაპარაკია ფინანსურ დარღვევებზე, რომლებიც „სიტის“ აღმოუჩინეს და რომელთა გამო კლუბი შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს.

ნევილმა ალალად თქვა, რომ ენცო მარესკას გუნდს ბრწყინვალე გამარჯვების მიუხედავად მთელი გულით ვერ აქებს, რადგან კლუბის ბუნდოვან მომავალზე ფიქრობს და ორმაგი განცდა ეუფლება.

მანჩესტერელთაგან ალისონ ბეკერის კარში გოლები გაიტანეს ერლინგ ჰოლანდმა, ჟერემი დოკუმ და რაიან შერკიმ, მერსისაიდელთა გუნდის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი კი 62-ე წუთზე მეორე ყვითლის გამო მოედნიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელების“ ამ ეფექტურ გამარჯვებას ფონად 9-წლიან პერიოდში კლუბის ასზე მეტ დარღვევაში მხილება გასდევს. მანჩესტერელებმა აპელაცია შეიტანეს და შედეგს ელიან. არავინ იცის რამდენს ხანს გასტანს საქმის გარჩევა, მაგრამ დიდი შანსია, რომ კლუბი დასაჯონ და სადმე ქვედა ლიგაში დააქვეითონ.

Sky Sports-ის ეთერში ლაპარაკისას ნევილმა თქვა:

„აქ, „ენფილდზე“ ჩამოსვლა და გამარჯვება ძალიან ძნელია. ახლა წესით „მანჩესტერ სიტი“ ქებით ცაში უნდა აგვყავდეს, მაგრამ ადამიანს სადღაც გონებაში სულ გიტრიალებს ის, რაც ამ კლუბის თავს ტრიალებს. არადა დღეს მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და გრავენბერხის გაძევების შემდეგ მოედანზე სრულიად დომინირებდნენ.

მეორე მხრივ, თუკი იანვარსა თუ თებერვალში „სიტის“ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები მართლა დამტკიცდება, კლუბი აღმოჩნდება სრულიად სხვა მდგომარეობაში  და მთელს პრემიერლიგას ჩრდილი მიადგება. პრემიერლიგას ეს კარგს არაფერს უქადის. დღევანდელმა თამაშმა სწორედ ამაზე ამიხილა თვალი. დღეს ინგლისური საკლუბო ფეხბურთი რთულ დღეშია და ასეთი ვითარება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება“.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს. როგოც ზემოთ აღვნიშნეთ ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა გაუშვა, რომელმაც ასეთი შეფასებები მიიღო:

flashscore – 5.3; sofascore – 5.4; whoscored – 5.6; fotmob – 5.0.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.