ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს

ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს

„მანჩესტერ სიტის“ ფანებმა პროტესტის ახალი ფორმა მოიგონეს და ლივერპულში „ენფილდ როუდზე“ წარმოადგინეს – მათ ტრიბუნაზე იმდენი გასაბერი ბანანი მიიტანეს, რომ იქაურობა გადააყვითლეს. ასეთი აქცია მოულოდნელი იყო, მაგრამ როგორც ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

მიზეზი: მოგეხსენებათ, „სიტის“ ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს და დაუმტკიცეს. ლაპარაკია 100-ზე მეტ დარღვევაზე. კლუბმა ვერდიქტი გაასაჩივრა და რამდენიმე თვეში პასუხს ელის, მანამდე კი დაძაბულობა იზრდება. არავინ იცის რა ბედი ეწევათ „ქალაქელებს“. დღეს ბრიტანეთში ამის შესახებ ლაპარაკობს დიდი თუ პატარა. „სიტის“ აბულინგებენ, დასცინიან. საკმაოდ აგრესიული და დამცინავი იყო ის პლაკატები და შეძახილებიც, რომლებითაც მეზობელი ქალაქიდან ჩასულ ფანებს ლივერპულელები დახვდნენ, მაგრამ „ყვითელი ბანანებით“ გაცემულმა პასუხმა განწყობაში დისონანსი შეიტანა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. როგორც ინგლისური პრესა წერს, ყვითელი გასაბერი ბანანის ისტორია 1980-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც მავანმა გულშემატკივარმა (ზოგი ვერსიით მას ფრანკ ნიუტონი ერქვა) უნგრული წარმოშობის ინგლისელ ცენტრ-ფორვარდ იმრე ვარადის რატომღაც იმრე ბანანი უწოდა. ახლა აღარავინ იცის ეს ხუმრობა იყო თუ გაუგებარი წამოცდენა, მაგრამ 80-იანების ბოლო პერიოდის „სიტის“ ბანანის ამბავი ძალიან მოეწონათ და ტრიბუნაზე გასაბერი ბანანების ფრიალი დაიწყეს. დროთა განმავლობაში ტრადიცია მინავლდა, თუმცა ახლა ახალი ძალით იფეთქა.

თავად ვარადი ბანანების ფრიალს სოციალურ მედიაში ასე გამოეხმაურა: „ბანანებმა ენფილდი დაიპყრეს!“

„მანჩესტერ სიტის“ ფან-კლუბის აქტიურმა წევრმა დანტე ფრენდმა თქვა: „ეს მესიჯი დაუმორჩილებლობას ნიშნავს. ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია ვინ არიან კლუბის მეპატრონეები. ჩვენ ვართ კლუბი. ეს კლუბი ფანებისაა“.

სიტის ტრიბუნაზე ბევრი ცნობილი სახეც იდგა, მათ რიცხვში როკმენი ნოელ გალაჰერი და ერლინგ ჰოლანდის მამა ალფ-ინგე.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.