ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!

ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!

საკლუბო ფეხბურთი ჩვეულ რიტმს უბრუნდება – პარასკევს „პარი სენ ჟერმენის“ საწვრთნელ ბაზაზე ისევ ლიგა 1-სა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იყო ლაპარაკი. როგორც „პარიზიენი“ წერს მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებს შესანიშნავ გუნებაზე დახვდა; უთხრა, რომ ისინი სეზონის დასაწყისს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა „ლე მანთან“ შეხვედრის წინ ისიც დასძინა, რომ კარგი იქნება კარს მომდგარ მაღალი დონის თამაშებს გამარჯვებით თუ შეხვდებიან.

– ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს ისვენებდა, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს,  მას ახალ სეზონში ფორმაში შესასვლელად სხვებზე მეტი დრო სჭირდება. როგორ ახსნით ამას?

– თქვენ, როგორც ყოველთვის, ბანალური საფეხბურთო ამბები გაღელვებთ. უკეთ თამაშობს ფეხბურთელი თუ უარესად, აღმავლობის გზაზეა თუ დაღმავლობის გზაზეა – ეს თქვენი შეხედულებებია და მე ამის გაგება შემიძლია, თუმცა თავად უფრო მნიშვნელოვანი ამბები მაწუხებს. კვარამ თავისი დონე ამ კლუბში მოსვლის დღიდან დაამტკიცა; ის არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი და მიხარია, რომ ის ჩვენთანაა. ფეხბურთელები მანქანები ხომ არ არიან, ისინიც ადამინები არიან. აღმავლობა და დაცემა ჩვეულებრივი ამბავია. შეშფოთების საბაბი არ გვაქვს.

მენდეში და დემბელე დაისვენებენ

– ოსმან დემბელეს დასვენებისთვის ორი დღე დაუმატეთ. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და როგორ აფასებთ მის მუშაობას ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მათი პირველი სანაკრებო შეკრების დროს?

– ოსმანი როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. მისი თამაშის სანახავად ნებისმიერ სტადიონზე თამამად შეგიძლიათ იყიდოთ ბილეთი. ის ყოველთვის მზად არის თავი გამოიჩინოს, კარში დაარტყას, თანაგუნდელებს საუკეთესო პარტნიორობა გაუწიოს. სანაკრებო პაუზების შემდეგ ჩვენ ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალურად ვუდგებით და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ნუნუს და ოსმანს დასვენება სჭირდებათ. ეს ნორმალურია, ასეთ რამეს უნდა შევეჩვიოთ. ასეთ პრაქტიკას მთელი სეზონის განმავლობაში მივმართავთ.

– ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად როგორ ფორმაშია თქვენი გუნდი?

– ფსიქოლოგიურად? ამ შეკითხვით ხოაკინ ვალდესს მიმართეთ. ჩვენი გუნდის ფსიქოლოგი ის არის (იცინის). მე ეს არ მაღელვებს. როდესაც ჩვენ ვიგებთ, ამბობენ, რომ მეტოქეები გვყავს სუსტი, ხოლო როდესაც ისე ვიწყებთ სეზონს, როგორც ეს სეზონი დავიწყეთ – ფრეებით და „მონაკოსთან“ წაგებით – თურმე ყველაფერი საშინლად არის და ჩვენ ჩემპიონები ვეღარ გავხდებით. რასაკვირველია ვერც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. რატომღაც ყველაფერი ყოველთვის უკიდურესობამდე მიგყავთ. თქვენ, ჟურნალისტებს უკიდურესობები გიყვართ. მე კი ვცდილობ დავაბალანსო ის, რასაც ჩემს გუნდზე ლაპარაკობენ და ის, რაც სინამდვილეში ხდება.

– ზაფხულში გუნდს ბევრი ახლი ფეხბურთელი შემოუერთდა. როგორ ეხმარებით მათ ადაპტაციაში?

– ყველაფერი დამოკიდებულია ენაზე, კონკრეტული ფეხბურთელის ხასიათზე და ბევრ სხვა  ფაქტორზე. ჩვენ ამ პროცესის კონტროლი არ შეგვიძლია. წინასწარ ვერ გვეცოდინება რამდენი დრო დასჭირდება რომელიმე მათგანს თავი კომფორტულად რომ იგრძნოს. პრინციპში ადამიანის სწრაფი ინტეგრაციისთვის გუნდის განვითარების დინამიკაც არის საჭირო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვარჯიშებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, შარშანდელთან შედარებით დონე ამაღლდა. რაც შეეხება გუნდის რეალურ კლასს, მას შეჯიბრებები გამოაჩენს.

– სანაკრებო პაუზა ჩვეულებრივზე მეტხანს გაიწელა. შეაფასეთ თუ არა, როგორ იმოქმედა მან ფეხბურთელებზე?

– არა. გეთანხმებით, რომ პაუზა ჩვეულებრივზე მეტხანს გაჭიანურდა, მაგრამ ეს ყველა კლუბისა და ნაკრებისთვის ერთი და იგივე იყო.

– რას ელოდებით „ლე მანთან“ შეხვედრისგან? ეს შეხვედრა სანაკრებო პაუზის შემდეგ, „მანჩესტერ სიტისთან“, „ბარსელონასთან“ და „ლიონთან“ თამაშების წინ იმართება.

– როგორც მწვრთნელი ყოველთვის იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ ჩვენს განკარგულებაში 11-ზე მეტი ფეხბურთელია. ხვალინდელი შეხვედრა ძალთა შემოწმებაა და ადვილი არ იქნება. ჩვენ „ლე მანს“ საფრანგეთის თასიდან ვიცნობ. შეჯიბრების დასაწყისში მათ თავიანთი დონე წარმოგვიდგინეს. ეს არის ყოჩაღი გუნდი, რომლის ფეხბურთელებიც ბურთს სწრაფად და თამამად აგორებენ. მათ წინააღმდეგ ყურადღების გაძლიერება მოგვიწევს. სათამაშო ეპიზოდებში საქმის ცოდნით უნდა ვიმოქმედოთ. ადვილი თამაშები არ არსებობს, განსაკუთრებით სანაკრებო პაუზების შემდეგ.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს მომენტი სეზონისთვის საკვანძოა?

– არა. ჩემი აზრით იმაზე მეტ ქულას ვიმსახურებდით, ვიდრე გვაქვს. მე პირველი გავაკრიტიკებდი ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ ყველა შეხვედრას და ჩვენ მიერ შექმნილ სახიფათო მომენტებს კარგად თუ გავაანალიზებთ, ვფიქრობთ დავინახავთ, რომ უკეთესი შედეგი გვეკუთვნოდა. თუმცა, სეზონის განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და საბოლოოდ იმდენ ქულას დავაგროვებთ, რამდენიც რეალურად გვეკუთვნის. ჯერჯერობით საკვანძო მომენტი არც ლიგა 1-ში დამდგარა და არც ჩემპიონთა ლიგაში. ეს ჯერ დასაწყისია.

– თქვენ და ზინედინ ზიდანს გაქვს რაიმე საერთო, განსაკუთრებით თავდასხმის ორგანიზებაში?

– არ ვიცი. საფრანგეთის ნაკრების პირველი შეხვედრების მიხედვით ვხედავთ, რომ გუნდი მოსაგებად თამაშობს, ბურთს აკონტროლებს, თამაშობს პრესინგს, მოქმედებს დალაგებულად… ნაკრების მწვრთნელის სამუშაო სწორედ ამიტომ არის რთული. სრულყოფილი მომზადებისთვის დრო არ გაქვს. არ გაქვს დრო საიმისოდ, რომ ფეხბურთელებს შორის კავშირები გააბა – აი, ეს არის ყველაზე ძნელი. თუმცა, ზიდანის მიერ გამოძახებული მოთამაშეების დონე ძალიან მაღალია და ამაზე შედეგი მეტყველებს.

– სანაკრებო პაუზის დროს რით იყავით დაკავებული?

– ის, რითიც მე ვიყავი დაკავებული ჩემი ცოლისა და ვაჟის გარდა არავისთვის არის საინტერესო. ისეთს არაფერს ვაკეთებდი: ვმუშაობდი, ლუიშ კამპუშთან და ჩემს სამწვრთნელო შტაბთან კავშირს ვინარჩუნებდი. მწვრთნელი მომავალი თამაშებისთვის მზადებას არასდროს წყვეტს, სულ იმაზე ფიქრობს, თუ რის გაუმჯობესება შეიძლება. მაღალი დონის მწვრთნელების პრობლემაც სწორედ ეს არის – სულ კავშირზე ხარ. ხანდახან ვერ იძინებ, რადგან ფიქრობ იმაზე, თუ რას დაგიპირისპირებს „ლე მანი“ და მისი მწვრთნელი პატრიკ ვიდეირა. ძნელია ამ ვნებას გაუმკლავდე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძნელია.

– სანაკრებო შეხვედრებში თავი გამოიჩინა მიკა გოდტსმა, რომელიც ბელგიის ეროვნულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. როგორ აფასებთ მის ამ გამოსვლებს და რა უნდა ჰქნას, რომ პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს?

– ის მსოფლიოს ჩემპიონზე არ ყოფილა, მაგრამ თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა მაინც მოახერხა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მას სიმშვიდე და წონასწორობა სჭირდება, რაც ახალ სათამაშო სქემასთან ადაპტაციის შესაძლებლობას მისცემს. მე მასში დიდ პოტენციალს და ინდივიდუალიზმს ვხედავ. ძალიან მომეწონა, თუ როგორ ითამაშა ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში.

– ძალიან წარმატებული შეკრება ჰქონდა დეზირე დუეს. გვეთანხმებით, რომ ის უმატებს?

– დეზირე დუე უბრალოდ მანქანაა. ის ბრწყინვალედ თამაშობს ფეხბურთს. არის მატჩები, რომლებშიც მას სიზუსტე აკლია, მაგრამ ეს ნორმალურია – იგივე მოსდით ოსმანს, კვარას, ფაბიანს, ჟოაოს, ვიტინიას და სხვებს. ეს მე არ მაღელვებს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას გვაჩვენებს დეზირე რეგულარულად: ის ნებისმიერ წამს მზად არის თამაშში ჩაერთოს. სათადარიგო სკამზე ზის თუ ვარჯიშზეა, ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია. ასეთი დამოკიდებულება იშვიათია და მე ეს ძალიან მახარებს.

– გასულ სეზონში თქვენს გუნდზე ლაპარაკისას ხშირად იყენებდით სიტყვას „სიმტკიცე“. რა დევიზი გექნებათ ამ სეზონში?

– არ ვიცი, რომელი სიტყვა იქნება მთავარი ამ სეზონში. გასულ სეზონში მთავარი როლი სწორედ ხასიათის სიმტკიცემ ითამაშა. ვნახოთ რა მოხდება ამჯერად – ჯერ გზის დასაწყისია. ჩვენ სეზონი სხვანაირად დავიწყეთ და ეს მოტივაციას გვმატებს. საინტერესო ამოცანის წინაშე ვართ. ვგონებ, მთავარ სიტყვაზე შობის შემდეგ შევთანხმდებით, უფრო მატისთვის. ჯერჯერობით კი წინ უნდა ვიმოძრაოთ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.