კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?

კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?

სამკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ საქმეს უბრუნდება. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული შაბათს „ლე მანს“ ხვდება. ეს იქნება ლიგა 1-ის მეექვსე ტურის შეხვედრა, თუმცა ბუნებრივია ლუის ენრიკე მას განიხილავს როგორც მოსამზადებელ მატჩს ოთხი დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის წინ.

სწორედ ინგლისში გამგზავრებით არის განპირობებული ის, რომ მწვრთნელმა ოსმან დემბელეს და ნუნუ გომეშს  რამდენიმე დღით დასვენება გამოუწერა. მათ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში დიდი ჯაფა დაადგათ და ძალების აღდგენა სჭირდებათ.

„ისინი ვარჯიშს შაბათს და კვირას, 10 და 11 ოქტომბერს განაახლებენ“, – დაწერა პსჟ-მ თავის განცხადებაში.

შესაბამისად, ფრანგი და პორტუგალიელი „ლე მანთან“ თამაშისგან თავისუფლები არიან. ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს ტრავმირებული სენი მაიულუც. საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს ამ სეზონში უკვე ბევრი გაუცდა. შაბათს ალბათ ვერც უორენ ზაირ-ემერის ვნახავთ, რომელმაც საფრანგეთის დიდ ნაკრებში იტკინა ფეხი. პსჟ-ს ექიმებს ურჩევნიათ, რომ რისკი არ გაწიონ.

დანარჩენი პარიზელები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაბრუნდნენ. მარკინიოსი, მაგალითად ავსტრალიასა და ინდოეთში იყო, პაჩო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, აშრაფ ჰაკიმი კი ამ დღეებში მაროკოს ნაკრებს დაუბრუნდა, თუმცა სამ შეხვედრაში მხოლოდ 21 წუთი დაჰყო მოედანზე.

ხვიჩას შაბათს ალბათ დაასვენებენ

ახლა რაც შეეძლება ესპანეთის ნაკრებს: ფერან ტორესმა კოჭი იტკინა და სანაკრებო შეკრებას ადრე გამოაკლდა, ფერან ტორესს კი შვილი გაუჩნდა და „ლა როხას“ სამი შეხვედრიდან ბოლო ორში მონაწილეობა არ მიუღია.

ლუის ენრიკემ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და „ლე მანთან“ თამაშს შესაბამისად დაგეგმავს. ფრანგული პრესის აზრით დაცვაშიმნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი: ჰაკიმი დიდი ალბათობით იქნება, მაგრამ მთელს შეხვედრას ვერ გაუძლებს. ზაირ-ემერის არყოფნაში მის პოზიციაზე როდესაც საჭირო გახდება ჟოაო ნევეში დადგება. შუაში თამაშის კარგი შანსი აქვთ ილია ზაბარნის და ლუკას ერნანდესს, მარცხნივ კი ლუკა დინს უნდა ველოდოთ.

ნახევარდაცვაში სავარაუდოდ ლუკას ბერალდოს და ფაბიან რუისს ვნახავთ. შეხვედრის გარკვეულ პერიოდს ამ პოზიციაზე გაატარებს ზემოხსენებული ნევშიც. არც დრო ფერნანდესის გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს.

თავდასხმაში კი მოსალოდნელია, რომ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოვა მიკა გოდტსი და მაგნეს აკლიუშთან და დეზირე დუესთან ერთად შეუტევს „ლე მანის“ კარს. ხვიჩა კვარაცხელიას, ფრანგული პრესის წინასწარმეტყველების თანახმად, ლუის ენრიკე ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვამს, დაასვენებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.