აკლიუში კვარას ერთ-ერთი კონკურენტია?

აკლიუში კვარას ერთ-ერთი კონკურენტია?

მაგნეს აკლიუში ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში თავიდან არ გამოიძახა, მაგრამ შემდეგ უორენ ზაირ-ემერის მოუხდა შეკრების დატოვება და მან ბელგიის წინააღმდეგ ორ შეხვედრაში, ჯამში 135 წუთი ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეული ამ ორ მატჩში ცუდი არ იყო, თუმცა  ეფექტიც არ მოუხდენია. აკლიუში, რომელიც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ კონკურენტად ითვლება 24 წლისაა, 25-ის 25 თებერვალს გახდება.

ფრანგული მედია წერს, რომ ზიდანის პირველ შეკრებაზე საფრანგეთის ნაკრების ბანაკში გამოიკვეთნენ ლიდერები, მაგრამ იყო იმედგაცრუება და რამდენიმე აღმოჩენაც. და იყო მაგნეს აკლიუში, რომელიც არც აქეთ იყო და არც იქით – შეკრება არც ჩააგდო, მაგრამ ვერც გაიბრწყინა. ის ოთხი მატჩიდან ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, იყო მოწადინებული, შეასრულა რამდენიმე ტექნიკური ილეთი, მაგრამ ჯამში თავი ვერავის დაამახსოვრა.

აკლიუში ის ფეხბურთელია, რომლის უნარებიც ჩვეულებრივ იოლად შესამჩნევია და მოწონებას იმსახურებს: ის ტექნიკურია, ბურთის ტარება შეუძლია, იხსნება სივრცეებში და გაგრძელებასაც პოულობს. „მონაკოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა იცის როგორ განავითაროს დინამიკური შეტევა, ყველაფერი თითქოს კარგად არის, მაგრამ როდესაც შეხვედრის დონე, ხარისხი მატულობს, უკვე ჩნდება კითხვები: სად იკარგება ის მომენტი, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობას, ეპიზოდს ცვლის? სად არის პასი, რომელიც მეტოქის დაცვას ჭრის? სად არის დრიბლინგი, რომელიც მოწინააღმდეგეს წონასწორობას აკარგვინებს? როგორც მონდომებულ ფეხბურთელს აკლიუშს ბევრი სარგებელი მოაქვს, მაგრამ გადამწყვეტი მოქმედების უნარს კარგავს კიდეც.

ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ბელგიის ნაკრებთან შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთმა 4:1 მოიგო. 60 წუთი „ლურჯებისთვის“ არაფრის მომტანი გამოდგა, მერე კი დადგა გარდატეხის დრო და ეს დეზირე დუემ, რაიან შერკიმ და მაიკლ ოლისემ გააკეთეს. რასაკვირველია, მათაც აქვთ უსახური მონაკვეთები და თამაშები, მაგრამ თითოეული მათგანი აკეთებს რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ მას ეხერხება, მას ახასიათებს. დუე მწვავეა, შერკი კრეატიული, ხოლო ოლისე მეტოქის დაცვაში გაჩენილი ნაპრალების ძიებაშია. აკლიუში თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ… ხსენებულ სამეულს გვერდით ვერ დაუყენებ.

ფრანგული მედია წერს, რომ აკლიუშის მეტისმეტი კრიტიკა, როდესაც ის ლუის ენრიკესთან ჯერ ორიოდ კვირის მისულია არ შეიძლება. პსჟ-ში გარემარბს ახლებური ფეხბურთის თამაშს სთხოვენ, მაგრამ შეჯიბრებას თავისი ვადები აქვს და აკლიუშის ჩამოყალიბების პროცესს ვერ დაელოდება. „მონაკოსგან“ 50 მილიონ ევროდ ნაყიდ ფეხბურთელს საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გადაუწოდებია. პრესა წერს, რომ დროა 24 წლის ასაკში მან ცალკეულ შეხვედრებში ლამაზი თამაშის გარდა რამე სხვაც აჩვენოს. პსჟ და საფრანგეთის ნაკრები ადგილზე არ გაჩერდებიან. ფრანგი ჟურნალისტების აზრით დროა აკლიუშმა რაც ეხერხება ისე აკეთოს, რომ ამ გუნდებისთვის შეუცვლელი გახდეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.