რა აკლია ჰარი კეინს?

რა აკლია ჰარი კეინს?

ჰარი კეინი რომ დიდი ფეხბურთელია ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ის ინგლისური ფეხბურთისა თუ ნაკრების ისტორიაში უდიადესია, ბევრი კამათს იწყებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კეინის კარიერას ერთი თავისებურება ახასიათებს – მას ხმაურით და ვარსკვლავური ეფექტებით არ ჩაუვლია. ის ყოველთვის იყო სტაბილური, გენიალური ეპიზოდების გარეშე. მაგრამ ამას ჯუდ ბელინგემისთვის ხელი არ შეუშლია ჩეხეთის ნაკრებთან დუბლის შემდეგ (3:0) თავისი კაპიტნისთვის ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი რომ ეწოდებინა. თამამი ნათქვამია? ალბათ, მაგრამ ამ აზრს     ბოლო დროს ხშირად მოისმენთ, მათ შორის ავტორიტეტული ადამიანებისგან. თავად კეინი კი აგროვებს და აგროვებს ინდივიდუალურ ჯილდოებს.

თუ ჩავუღრმავდებით თავდამსხმელის სტატისტიკა შთამბეჭდავია. კეინი ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით პიტერ შილტონს გაუტოლდა (125), გოლების რაოდენობით კი უეინ რუნის უკვე 38-ით უსწრებს – 91 გოლი 53-ის წინააღმდეგ. საშუალოდ ერთ თამაშში 0.73. ასეთი სტატისტიკით კეინი შეუერთდა გამორჩეული ბომბარდირების ამქარს: კრიშტიანუ რონალდუს, ლეო მესის, ალი დაეის, სუნილ ჩეტრის, რომელუ ლუკაკუს და რობერტ ლევანდოვსკის, რომელთაც თავიანთი ქვეყნების მაისურით მეტი აქვთ გატანილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისელ ფორვარდს ეს გოლები მხოლოდ სუსტი გუნდების კარში არ შეუყრია. 21 გოლი მან მსხვილ ტურნირებში გაიტანა (14 მსოფლიოს ჩემპიონატებზე) და 2018 წელს მოგებული აქვს „ოქროს ბუცი“.

კეინი გაჩერებას არ აპირებს. 2026 წელს მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 13 გოლი გაიტანა, ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, რომლის გამოც „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება. გასულ სეზონში მან „ბაიერნის“ შემადგენლობაში 61 გოლი შეაგდო, ხოლო ნაკრებში – 12. ჩემპიონთა ლიგაში მის მიერ გატანილი 14 გოლი ინგლისელისთვის რეკორდია.

ფაქტია, რომ კეინის ოსტატობამ „ბაიერნში“ ახალ სიმაღლეს მიაღწია, მაგრამ ამისათვის საფუძველი ადრევე ჰქონდა ჩაყრილი – „ტოტენჰემში“ 280 გოლი შეაგდო. 2021 წელს ის გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი (23 გოლი) და ასისტენტი (14 საგოლე პასი). წერენ, რომ 32 წლის თავდამსხმელი მონსტრად ბოლოხანს არ ჩამოყალიბებულა, ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ ბოლო წლებში უნარები სრულყოფილებამდე დახვეწა.

კეინის თამაშის მხოლოდ გოლებამდე დაყვანა შეცდომა იქნებოდა. არ შეიძლება ის მარტო სტატისტიკით შევადაროთ გრივზს, ლინეკერს, შირერს თუ რუნის. მისი თამაშის ანალიზი გვაჩვენებს, რომ კეინი მრავალმხრივი ფეხბურთელია – თამაშობს ორივე ფეხით, შეუძლია ეფექტურად მოქმედება როდესაც კარისკენ ზურგით დგას, ჩადის მოედნის სიღრმეში, ასრულებს გრძელ პასებს; მოკლედ რომ ვთქვათ შეტევებს არა მხოლოდ ამთავრებს, არამედ იწყებს კიდეც. ამის ნათელი მაგალითია მისი პასი, რომლითაც ევრო 2021-ის ფინალში ლუკ შოუმ გოლი გაიტანა.

ამრიგად, ინგლისში საკითხი ასე დგას: არის თუ არა ჰარი კეინი ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? (საუკეთესო თავდამსხმელი რომ არის, ეს დამტკიცებულია). კაცი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში ითამაშებს, მსოფლიოს ჩემპიონატის ორ ნახევარფინალში გავა, ნაკრებში 91 გოლს გაიტანს და ეროვნული გუნდის კაპიტანია, ასეთ შეფასებას იმსახურებს. სულ მცირე, კითხვის ასე დასმა მასზე ალალია.

და არის ერთადერთი რამ, რაც ჰარი კეინს ლეგენდარული ფეხბურთელის სტატუსისთვის აკლია – მატჩი, რომლის მოგებაც მას აბსოლუტურ მწვერვალზე აიყვანს. შეხვედრა, რომელიც მისი სახელის ხსენებისას მომავალ თაობებს გაახსენდება. მოკლედ რომ ვთქვათ მსხვილი შეჯიბრების ფინალი, რომელსაც ის მოიგებს.

ბობი ჩარლტონი, რომელიც კეინმა ტახტიდან უნდა ჩამოაგდოს 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, ბობი მური ყველას იმ ფოტოდან ახსოვს, რომელზეც მას „ნიკეს“ თასი უჭირავს, რუნი და ჯერარდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან. კეინი კი ჯერ…

თუმცა მისი პირადი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 26 ოქტომბერს, როდესაც ლონდონში „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება გაიმართება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.