დამშვიდობება დიადთან

დამშვიდობება დიადთან

„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ლეო მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა. ეს მოხდა ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“, სადაც ეროვნულ გუნდში 207 შეხვედრის მონაწილემ და 125 გოლის ავტორმა უკანასკნელად ჩაიცვა „ალბისელესტე“ ანუ თეთრ-ცისფერი მაისური.

მატჩში, რომელშიც მესი სანაკრებო ფეხბურთს გამოემშვიდობა არგენტინამ ბენინს 3:0 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში მესის პასით ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა, მეორე კვლავ მესის პასით ნიკო პასმა შეაგდო, ხოლო მესამე პენალტით თავად მესიმ გაიტანა.

დიდი ფეხბურთელის ეროვნული გუნდიდან წასვლას ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი გამოეხმაურა.

რონალდინიო: „ძმაო, კარიერის პირველივე დღიდან ღიმილი მოგვფინე და სიამაყე მოგვგვარე. შენ ხორცი შეასხი თითოეული ჩვენგანის ოცნებას – ითამაშოს ნაკრებში თავისი ქვეყნისა და მისი ყველა მაცხოვრებლის სახელით… მე შენი ძალიან კარგად მესმის და ვიცი, რომ ის, რაც ოჯახთან არის დაკავშირებული ბევრი რაღაცის ხელახლა გააზრებისკენ გვიბიძგებს… ისიამოვნე ცხოვრებით, ძმაო. გისურვებ დიდ წარმატებას დღესაც და მომავალშიც“.

ნეიმარი: „ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს ამ წლების განმავლობაში შენ გიყურებდა. დღეს ნაკრების მაისურით ბოლო თამაშს ატარებ და იმედი მაქვს, რომ მისი ყოველი წამით დატკბები. დღეს სიყვარულში გამოგიტყდებიან და ეს სიტყვები ბედნიერებას მოგგვრის. განა მხოლოდ არგენტინა, შენ მთელი მსოფლიო გიხდის მადლობას იმის გამო რაც ფეხბურთისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო მეტად შემაყვარე. ჩემთვის შენს წინააღმდეგ თამაში დიდი პატივი იყო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყი შენთან ერთად ისტორიის შექმნა. გმადლობ, ლეო მესი“.

არტურო ვიდალი: „ჩემო მეგობარო, დღეს შენ ნაკრებში უკანასკნელად თამაშობ. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს, ნამდვილ უცხოპლანეტელს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ“.

ლუკა მოდრიჩი: „რა უნდა ვთქვა?! გული მწყდება რომ ის კარიერას ასრულებს. მე მის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრებში მიჭირდა, მაგრამ მისი თამაშის ცქერა ყოველთვის სასიამოვნო იყო“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.