კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრებში თამაშის გაგრძელებაზე უარს სულაც არ ამბობს, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს პირობის ოჯერ დარღვევაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა გასულ ოთხშაბათს პორტუგალიელთა შეკრება თვითნებურად დატოვა.
რონალდუ გაბრაზდა, რადგან ჟეზუშმა ის ნორვეგიასთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვა, რათა მოედანზე მეორე ტაიმში შეეყვანა, მაგრამ მერე აღარ ათამაშა. 41 წლის თავდამსხმელმა გამოაქვეყნა 1996 სიტყვიანი პოსტი, სადაც მომხდარზე ილაპარაკა.
რონალდუმ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაათქმევინეს და მეტიც, ჟეზუშის მწვრთნელად დანიშვნის „კურთხევა“ სთხოვეს. თავიდან რონალდუს შესთავაზეს სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა არ მიეღო, რათა არ გადაღლილიყო და ოპტიმალური ფორმა შეენარჩუნებინა, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან ეს კაპიტნის მხრიდან კარგი მაგალითი და სწორი საქციელი არ იქნებოდა.

„ნორვეგიაში თამაშის დღეს, ლანჩის დროს, ჩვენს მაგიდასთან მოვიდა მწვრთნელის ასისტენტი და მითხრა, რომ ჟორჟე ჟეზუშს ჩემთან ლაპარაკი უნდოდა. ჩემდა გასაკვირად მწვრთნელმა მკითხა ვიყავი თუ არა მზად 30 წუთის სათამაშოდ. მე ფიზიკური ფორმის აღდგენაზე გახლდით ძალიან ფოკუსირებული და მეგონა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მივიღებდი, რაც სულაც არ მწყინდა. ნორვეგიაში 30 წუთით თამაში ჩემი აღდგენის გეგმას სცილდებოდა, მაგრამ რასაკვირველია ვუთხარი – დიახ, ვითამაშებ. მან მიპასუხა, რომ მაშინ უნდა მოვმზადებულიყავი, დანარჩენი კი გამოჩნდებოდა. შესვენების შემდეგ გახურება დავიწყე, ვუყურებდი საათს, წუთი წუთს მისდევდა, მაგრამ მან მოედანზე არ შემიშვა. მწვრთნელმა სიტყვა გატეხა“.
რონალდუს თქმით შემდეგი საუბრის დროს, რომელსაც მისი კლუბის „ალ-ნასრის“ სპორტული დირექტორი სიმაუ კოუტინიუც ესწრებოდა შეთანხმდნენ, რომ მწვრთნელი უახლოს პრეს-კონფერენციაზე განმარტავდა, თუ რა მოხდა ნორვეგიაში. თავდამსხმელმა რვაპუნქტიანი განცხადებაც კი მოიწონა, რომელიც შემდეგ ჟეზუშს გადაეცა. პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა – 234 შეხვედრაში 146 გოლი – თქვა:
„ჟეზუშს უნდა ეთქვა, რომ მე ნორვეგიასთან თამაში არ მითხოვია და ჩემი გახურება მოედანზე შეშვების გარეშე შეცდომა იყო. საუბრის შემდეგ მწვრთნელი გადამეხვია და დამპირდა, რომ რაც ახლა მითხრა იმას გაიმეორებს პრეს-კონფერენციაზეც, მაგრამ ასე არ მოიქცა და ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც მან პირობა გატეხა. ამიტომ გადავწყვიტე ახალ დაპირებებს აღარ დავლოდებოდი და შეკრება დამეტოვებინა“, – თქვა რონალდუმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/10/2026 | 09:23ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
მთავარი ამბავი07/10/2026 | 07:20დამშვიდობება დიადთან
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
მთავარი ამბავი06/10/2026 | 07:50ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან
