საქართველოს ნაკრებმა ერთა B ლიგის შეხვედრაში ბელფასტში ფრედ ითამაშა და ეს გიორგი მამარდაშვილის წყალობით შეძლო – „ლივერპულის“ მეკარემ 83-ე წუთზე აიზეკ პრაისს პენალტი აუღო. ქართველ გოლკიპერს საგანგებო წერილი მიუძღვნა პორტალმა empireofthekop, რომლის მთავარ მომენტებს ქვემოთ გთავაზობთ:
BBC Sport- ის რეპორტაჟში ჯანა მაკკეიბმა თქვა: „ჩრდილოეთ ირლანდია ბოლო ათი წუთის განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა. რუაირი მაკკონვილის თავური ხარიხამ აისხლიტა, შემდეგ კი მამარდაშვილმა პრაისს პენალტი აუღო…“
„…მაკკონვილი შთამბეჭდავ ფორმაშია, რაც სანაკრებო ფანჯრის ბოლო შეხვედრაშიც გამოჩნდა, როდესაც მან 24-ე წუთზე პირველად სცადა გოლის გატანა, მაგრამ მისი თავური მამარდაშვილმა ნახტომში მოიგერია…“
„…მაგენისს ჩრდილოეთ ირლანდიის მაისურით ბევრი გოლი გაუტანია და ამ შეხვედრაში კინაღამ კიდევ ერთი დაამატა, როდესაც მეტოქის საჯარიმო მოედანში მომენტი იხელთა, მაგრამ მამარდაშვილმა თითებით აუღო…“
„ამას მოჰყვა კუთხური, რომლის ჩაწოდების შემდეგ მაკკონვილმა ხარიხას გაარტყა ბურთი. ამ დროს ჩრდილოეთ ირლანდია ისევე როგორც თბილისში შეხვედრის მიწურულს გოლის გატანას ცდილობდა…“

„მასპინძლებს საუკეთესო შანსი 83-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც საქართველოს ნაკრები მაკკონვილის თავში ფეხის მორტყმის გამო პენალტით დაისაჯა, მაგრამ მამარდაშვილი შთამბეჭდავ თამაშს განაგრძობდა და პირსს ცუდად დარტყმული პენალტის კუთხე გამოუცნო“
„ვალენსიას“ ყოფილი მეკარის თამაშმა შთაბეჭდილება მოახდინა „გარდიანის“ ჟურნალისტ არტურ პეტროსიანზეც, რომელმაც X პლატფორმაზე (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა: „გიორგი მამარდაშვილმა (1.84 xG) ხუთი დარტყმა მოიგერია – ყველა საჯარიმოს შიგნიდან – 84-ე წუთზე კი პენალტიც აიღო და ბელფასტში საქართველოს მიერ 0:0 ნათამაშევ შეხვედრაში თავისი გუნდის 2.02 გოლისგან გადარჩენა ჩაიწერა“.
თუმცა, ამის შემდეგ empireofthekop წერილს სხვა მიმართულებით აგრძელებს: „ბოლო წლებში „ენფილდზე“ რამდენიმე მაღალი დონის „შოთ-სტოპერი“ (დარტყმების მომგერიებელი) ვნახეთ – მათ შორის სიმონ მინოლე და ლორის კარიუსი – მაგრამ კარგ მეკარეს დიდი მეკარისგან განასხვავებს ის, თუ რას აკეთებს იგი ბურთით. მართალია მამარდაშვილმა „ტოტენჰემთან“ სათასო შეხვედრაში გულშემატკივარს თვალი ჩინებული მოგერიებებით მოჭრა, მაგრამ მის მიმართ რჩება სერიოზული პრეტენზია – ბურთს ფეხით სათანადო დონეზე ვერ ანაწილებს. ქართველ მეკარეს სურს „ენფილდზე“ ბევრ წელიწადს დარჩეს, მაგრამ ამისათვის მისგან პასების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა ვნახოთ.
ჩვენი ბრაზილიელი პირველი ნომერი ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სავარაუდოდ წავა, მაგრამ ეს გიორგი მამარდაშვილს ანდონი ირაოლას გუნდის კარში ჩადგომის გარანტიას არ აძლევს. „გენკიდან“ ლუკა ბრუგმანსის ყიდვა გვაჩვენებს, რომ „ლივერპული“ მზადაა კურსი შეცვალოს და სხვა მიმართულებით წავიდეს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/10/2026 | 11:15მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს
სიახლეები07/10/2026 | 09:23ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
მთავარი ამბავი07/10/2026 | 07:20დამშვიდობება დიადთან
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
