მსოფლიოს ჩემპიონატის გმირმა, ფინალში არგენტინის კარში ერთადერთი, გამარჯვების გოლის ავტორმა ფერან ტორესმა „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლის გატანის შემდეგ ნაკრებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. ინგლისის ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩში, რომელიც „ლა როხამ“ 3:2 მოიგო ტორესმა ვერც გოლი შეაგდო, ვერც საგოლე პასი ჩააწოდა, ვერც დრიბლინგი მოახერხა, კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ორი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
ლუის დე ლა ფუენტემ „ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მას კი პირველ ტაიმში ორი გოლი უნდა გაეტანა. კიდევ ერთ ეპიზოდში ფერანმა ფაბიან რუისის პასით გოლი შეაგდო, მაგრამ ის ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.

ინგლისთან შეხვედრაში ტორესის თამაშის ზოგადი დახასიათება ასე შეიძლება: „პრესინგში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა შეტევის ფაზაში სიზუსტე აკლდა“. (Sport)
ფერანის მიერ განიავებულ შესაძლებლობებს ხაზი „მარკამაც“ გაუსვა. მადრიდულმა გაზეთმა დაწერა, რომ პსჟ-ს ფორვარდს ეს ორი გოლი რომ შეეგდო, თამაშის ბედი შეიძლება პირველივე ტაიმში გადაწყვეტილიყო, რადგან ესპანეთი ლამინ იამალის გოლით უკვე 1:0-ს იგებდა: „ფერან ტორესს ჯეიმს ტრაფორდის კარში გოლის გატანის ორი შესაძლებლობა ჰქონდა. პირველ ეპიზოდში ლამინმა მიაწოდა ჩინებული პასი, მეორეში კი როდრიმ იპოვა თავისუფალ ზონაში, მაგრამ ტორესის დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწია“.
და ნაცვლად იმისა, რომ პსჟ-ს თავდამსხმელს შეეძლო თამაშის ბედი მსოფლიოს ჩემპიონთა სასარგებლოდ პირველივე ტაიმში გადაეწყვიტა, ვითარება შეიცვალა. ინგლისმა ორი გოლი შეაგდო (ენტონი გორდონი და ჰარი კეინი). მეტიც, მეორე ტაიმის დასაწყისში კეინს პენალტი რომ გაეტანა კაცმა არ იცის შეხვედრა რომელი გუნდის გამარჯვებით დამთავრდებოდა. სტუმრების ბედად ალექს ბაენამ და მიკელ ოიარსაბალი მაინც შეძლეს გოლების გატანა და ესპანელებმა მოიგეს. ყველა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ოიარსაბალი მოედანზე ხელმოცარული ტორესის ნაცვლად შევიდა.
AS: „ესპანეთმა საუცხოო მომენტები შექმნა, მაგრამ ფერანმა სამი მათგანი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ მის ნაცვლად ოიარსაბალი შევიდა და გუნდს გამარჯვება მოუტანა“.
მატჩის შემდეგ ლუის დე ლა ფუენტემ თქვა: „ფერანი ბომბარდირია. საგოლე მომენტებს კი ის ფეხბურთელებიც აფუჭებენ, ვისაც ასეთი შანსი მრავლად ეძლევა. ასე რომ არ იყოს ფეხბურთში უსასრულო რაოდენობის გოლები გავიდოდა. მე კმაყოფილი ვარ ფერანის თამაშითა და ოიარსაბალის გოლით“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/09/2026 | 09:17ტორესმა ააცილა და ააცილა
აქეთურ-იქითური27/09/2026 | 07:15ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
სიახლეები26/09/2026 | 09:04ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
