ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული. ამით ისარგებლა ესპანეთისა და ევროპის ერთ-ერთმა გავლენიანმა გაზეთმა AS და მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ პსჟ-ს ფეხბურთელი გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. „რატომაც არ უნდა ვიოცნებო „ოქროს ბურთზე“? – თქვა მან. AS წერს, რომ რუისის მრავალ წარმატებათა შორის განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა: ის არის მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატიც, თან როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.
ფაბიან რუისი მოკრძალებული ადამიანია. ის ამბობს: „როდესაც ისეთ კამპანიაში ვარ, სადაც არავინ მიცნობს, ვცდილობ ჩრდილში ვიყო, რადგან არ მინდა როდესაც გაიგებენ, თუ რით ვშოულობ ლუკმა-პურს ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს“, – ამბობს ფაბიანი. ზუსტად ასეთია მისი ოჯახიც, რომელსაც ნახევარმცველი ძალიან ემადლიერება.
„ყველაფერს დედაჩემს ვუმადლი. სიტყვა „ყველაფერი“ კი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს“, – აზუსტებს რუისი.
მეტისმეტად ვრცელი ინტერვიუდან ჩვენ გადმოვაქართულეთ ის მონაკვეთები, რომლებიც ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოდ მივიჩნიეთ. მაგალითად:

– „ოქროს ბურთი“ არის ჯილდო, რომელსაც ყოველთვის უფრო თავდამსხმელებს აძლევდნენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ როდრიგოს (იგივე როდრის) გამარჯვების შემდეგ ეს დამოკიდებულება ცოტათი შეიცვალა? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ კრიტერიუმები გაფართოვდა?
– ყველამ იცის, რომ თავდამსხმელებისთვის ნახევარმცველებთან, მცველებსა და მეკარეებთან შედარებით უკეთესი სტატისტიკის დაწერა ჩვეულებრივი ამბავია. მცველისთვის თავდამსხმელის ტოლი რიცხვების ქონა ძნელია, მაგრამ ბოლო წლებში სხვადასხვა პოზიციების მნიშვნელობას მეტად აფასებენ, რაც მნიშვნელოვანია. გუნდი შედგება 11 ფეხბურთელისგან, პლუს იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე სხედან. ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ, რომ „ოქროს ბურთით“ მოდრიჩი და როდრიგო დააჯილდოვეს. ეს ძალიან საყურადღებოა მთელი საფეხბურთო სამყაროსა და უპირველეს ყოვლისა ბავშვებისთვის. პატარები მარტო გოლების გატანას კი არ უნდა ცდილობდნენ, არამედ სხვადასხვა პოზიციაზე უნდა სურდეთ თამაში. მართალია, მატჩს გოლი იგებს, მაგრამ ის გუნდური მუშაობის შედეგია.
– თუ არის რაიმე ფაქტორი, რომელსაც თქვენთვის თილისმის ძალა აქვს?
– ხანდახან ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მინდა, მეშინია არ დავთარსო, მაგრამ დიახ: ნაკრებში 50 თამაშია არ წაგვიგია. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ ამდენს კიდევ შევძლებთ. ეს პირადად ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ნაკრებისთვის იქნება დიდებული.
– „ოქროს ბურთზე“ კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტებად?
– ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა ფანტასტიკური სეზონი. ნომინანტები ოცდაათეულში კონკრეტული დამსახურების გამო მოხვდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი უბრალოდ დიდებული სეზონი ჩაატარა. ძალიან გამიხარდება „ოქროს ბურთს“ ჩემი რომელიმე თანაგუნდელი თუ მოიგებს. მე მათ მეტოქეებად არ აღვიქვამ. მე მათ აღვიქვამ თანაგუნდელებად, რომლებიც შორთ-ლისტში ყოფნას და გამარჯვების შანსს იმსახურებენ.
– ეს შარშან დემბელემ გასწავლათ?
– დიახ, ნამდვილად. ოსმანი ღია, გულითადი ადამიანია. სულ იმას იმეორებს, რომ ინდივიდუალური წარმატება გუნდურ მუშაობას მოაქვს და გუნდის დახმარება რომ არა „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებდა. ის ხშირად გვეუბნება მადლობას ერთობლივი შრომისათვის, რომელმაც უფრო გაზარდა. მას ძალიან დაეხმარა მწვრთნელი ლუის ენრიკეც. ოსმანი ამ ჯილდოს იმსახურებდა.
– ახლა, როდესაც შვებულება დამთავრდა და კლუბში დაბრუნდით, ბევრი იხუმრეთ ვიტინიასთან, ნევეშთან და ოსმანთან? თქვენ ხომ მსოფლიოს ჩემპიონები გახდით და გზად ისინი (პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები) გამოთიშეთ შეჯიბრებას.
– დიახ. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. სულ ვხუმრობთ. ახლა, როდესაც დრო გავიდა და კლუბში დავბრუნდით ეს უკვე ჩვეულებრივი ხუმრობაა, მაშინ, უშუალოდ თამაშების მერე კი ლაზღანდარობისთვის შესაფერისი დრო არ იყო. თუმცა, მათ მესიჯები გამომიგზავნეს, გამარჯვება მომილოცეს. ისე, გასახდელში ერთი-ორი მაინც გავიხუმრეთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
სიახლეები26/09/2026 | 09:04ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
მთავარი ამბავი26/09/2026 | 07:50ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
