მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?

მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?

28 სექტემბრისთვის „ფრანს ფუტბოლის“ ასი ხმოსანი ჟურნალისტი ფრანგული ჟურნალის რედაქციაში ანკეტების გაგზავნას დაასრულებს. შემდეგ ხმებს დაითვლიან, 26 ოქტომბერს კი ლონდონში „ოქროს ბურთის“ ლაურეატს დააჯილდოებენ.

საიტი maxifoot წერს, რომ ბოლო დღეებში მედიაში ყველაზე ხშირად კილიან მბაპეზე იწერებოდა. ის რამდენჯერმე წარსდგა ჟურნალისტების წინაშე, თუმცა „რეალის“ თავდამსხმელის გარდა პრესასთან სხვა კანდიდატებმაც ილაპარაკეს. maxifoot-ის აზრით წლეულს მედიაში „ოქროს ბურთის“ გამო არნახული ხმაურია, მაგრამ შეძლებს ეს აჟიოტაჟი ზემოთ ნახსენები ასი ჟურნალისტის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას?

ეს არის საკითხი, რომელიც ყველას აინტერესებს, ხოლო „პარიზიენმა“ რამდენიმე ხმოსან ჟურნალისტს დაურეკა კიდეც, რათა მათი აზრი გაეგო.

„ეს ინტერვიუები და კომენტარები ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერ მოქმედებს, – თქვა ალჟირელმა ჟურნალისტმა იაზიდ უაჰიბმა, – ვითარებას ხელოვნურად ბერავენ, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მოვლენათა განვითარებას თვალს გარედან ვადევნებთ. კოლეგების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი მათ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს. ბოლოს და ბოლოს სინდისის ამბავია“.

დაახლოებით იგივე თქვა მისმა შვედმა კოლეგამ ანდრეს ბენგტსონმა: „ეს კამპანიები ჩემზე საერთოდ ვერ ახდენს გავლენას. გამორიცხულია მათ რომელიმე ხმოსანზე მოახდინონ გავლენა. თეორიულად გარკვეულ არგუმენტებს ალბათ შეეძლოთ გადაწონა, მაგრამ ეს მხოლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა ხმის მიცემამდე ყველა დეტალზე დაწვრილებით რომ არ მქონოდა ნაფიქრი“.

საკითხის გარშემო უფრო დაწვრილებით ილაპარაკა „ფრანს ფუტბოლის“ ყოფილმა რედაქტორმა პასკალ ფერემ, რომელიც უკვე შვიდი წელიწადია „ოქროს ბურთის“ ხმოსანია. ის მიიჩნევს, რომ გადაჭარბებულმა მედია-ყურადღებამ კანდიდატს შეიძლება ავნოს კიდეც.

„როდესაც ვამბობ, რომ ფეხბურთელებმა ამ მედია-საგიჟეთის მოწყობით შეიძლება ხმები დაკარგონ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი ხშირად არასწორად აქტიურობენ და ჟიურის წევრები ხვდებიან, რომ მათზე ზეწოლას ცდილობენ. ფეხბურთელები აჟიოტაჟს ქმნიან და ამით ხმოსნებს აღიზიანებენ. მათი მხრიდან მანიპულაციის მცდელობა აშკარაა, ჟიურის წევრები კი გულუბრყვილო ხალხი არ არის. მათ საკმარისი გამოცდილება და გამჭრიახობა უმაგრებთ ზურგს. მათ ობიექტურად შეუძლიათ ფეხბურთელის შეფასება და სულ არ სჭირდებათ ამ ფეხბურთელისგან ათჯერ თუ თხუთმეტჯერ მოსმენა, რომ ის საუკეთესოა. მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ პრეტენდენტებს შორის გამართული ეს მედია-ომი 26 ოქტომბერს მაინც ერთი გამარჯვებულის დასახელებით დამთავრდება“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.