ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი

ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი

ელოდნენ, რომ ის კვირას „ლე კლასიკის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლაო, – წერს ფრანგული პორტალი maxifoot. ამ დღეს მისი გაბრწყინების მოლოდინი იმიტომაც ჰქონდათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთში მიიჩნევენ ფეხბურთელად, რომელიც ირჩევს რომელ შეხვედრაში მოინდომოს და რომელში არა. ამბობენ, რომ ის კარგად მხოლოდ დიდ შეხვედრებში თამაშობს, ლიგა 1-ში კი ასეთი სწორედ „მარსელისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირებაა. მაგრამ, როგორც ვთქვით მოლოდინი არ გამართლდა. maxifoot წერს, რომ ქართველმა გარემარბმა ჩემპიონატის სტარტზე კიდევ ერთი თამაში ჩაატარა უფერულად.

25 წლის ვარსკვლავის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის მარსელში თამამად მოქმედებდა, ნუნუ მენდეშსა და ფაბიან რუისს კარგ პარტნიორობას უწევდა, მაგრამ მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა ვერ შეძლო. მისი ყველაზე მწვავე ეპიზოდი იყო დარტყმა ქუსლით, როდესაც ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა. საბოლოოდ ლუის ენრიკემ ის ფერან ტორესით შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ მოედანზე შეცვლიდან ცოტა ხანში გოლი შეაგდო. ფრანგული პორტალი წერს, რომ ეს (კვარას შეცვლა და მის ნაცვლად შესული ფეხბურთელის მიერ გოლის შეგდება) იყო სეზონის დასაწყისის სიმბოლური სურათი, როდესაც „ნაპოლის“ ყოფილი მოთამაშე გადამწყვეტ როლს ვეღარ თამაშობს.

შემდეგ maxifoot წერს, რომ ფორმის ასეთი ჩავარდნა დასაფიქრებელია, მაგრამ საგანგაშო არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კვარაცხელიამ მთელი ზაფხული დაისვენა – შვიდკვირიანი შვებულება ჰქონდა – შემდეგ კი სრულყოფილი სეზონისწინა მზადება გაიარა. მას დამქანცველ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია და წესით საღად უნდა იყოს. კაცმა რომ თქვას ქართველმა სეზონი კარგადაც დაიწყო – ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ გოლი გაუტანა, მაგრამ მისი შემდგომი დაბრკოლება ზუსტად ამ ხანგრძლივი დასვენებითაც შეიძლება აიხსნას.

maxifoot-მა საქმეში გასარკვევად დახმარება სთხოვა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, რომელსაც თავის დროზე „პარი სენ ჟერმენშიც“ უმუშავია. მან თქვა:

„გუნდის პრე-სეზონი დაახლოებით ექვსი კვირა გრძელდება და კვარაცხელიამ ეს მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად გაიარა. ახლა მისმა ორგანიზმმა ამ პერიოდში მიღებული წვრთნა უნდა შეთვისოს. გარდა ამისა, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ის დიდხანს იყო პასიურად და ამის გამო მისი სხეული დიდ სისწრაფეებს შესაძლოა შედარებით ნელა დაუბრუნდეს, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ზოგ ფეხბურთელს სიმძლავრეების ჩასართავად ისედაც სხვებზე მეტი დრო სჭირდება. ერთი სიტყვით გარწმუნებთ, ყველაფერი ნორმაში დაბრუნდება“.

მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაში ვერ არის, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის სტატუსი შეუნარჩუნა – 8 შეხვედრიდან ექვსში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ეს გახლავთ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ კვარაცხელიას მდგომარეობა შემაშფოთებელი არ არის.

maxifoot-ს მიაჩნია, რომ ბრედლი ბარკოლას „ლივერპულში“ წასვლის შემდეგ პსჟ-ში მარცხენა ფრთაზე კონკურენცია შესუსტდა, რადგან კონკურენციისთვის საგანგებოდ ჩამოყვანილი მიკა გოდტსი ჯერჯერობით შთაბეჭდილებას ვერ ახდენს.

„პსჟ-ში კვარას ტალანტი ეჭვქვეშ არ დგას. მას უბრალოდ სჭირდება იმ სიმწვავის აღდგენა, რომლის წყალობითაც შეხვედრების ბედს ატრიალებს“, – წერს პორტალი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.