პარასკევს, 25 სექტემბერს, მოქმედი ჩემპიონის, „ნორთჰემპტონ სეინთსისა“ და გასული სეზონის ბოლოადგილოსნის, „ნიუკასლ რედ ბულზის“ ჯახით სტარტს აიღებს 2026-2027 წლების სეზონი ინგლისის პრემიერშიპში, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და უპრესტიჟულეს სარაგბო ლიგად მიიჩნევა.
ეს სარაგბო ტურნირი წლეულს ქართველთათვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე გასული – თუკი წინა სეზონში ინგლისში ორი ბორჯღალოსანი ასპარეზობდა, ახალტურნირში ისინი უკვე სამნი იქნებიან, რაც ადრე არასდროს მომხდარა.

საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე 2022-2023 და 2023-2024 წლების სეზონებში პრემიერშიპში თამაშობდა, კერძოდ – „ექსეტერ ჩიფსში“, სადაც 10 მატჩი ჩაატარა, „მონპელიეში“ 2-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კი, 30 წლის ბორჯღალოსანი „ბელადებს“ დაუბრუნდა და ვიცე-ჩემპიონის შერკინების პირველ ხაზში უფრო ახალგაზრდა ბორჯღალოსანთან – ბაჩუკი ჭუმბაძესთან ერთად დადგება, რომელმაც გასულ სეზონში „ექსეტერის“ შემადგენლობაში რეგულარული სეზონისა და პლეი-ოფის 20 მატჩიდან 19-ში ითამაშა და შესანიშნავი პრესაც დაიმსახურა, ხოლო მისი გუნდი ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა.

მესამე ქართველი ინგლისის ტოპ-ლიგაში ლუკა ივანიშვილია, რომელმაც გასულ სეზონში „ბრისტოლ ბერსთან“ ერთად 7 მატჩი ითამაშა და 2 საუცხოო ლელოც მიითვალა, თუმცა, „დათვები“ პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.
ასე რომ, ამიერიდან ინგლისის პრემიერშიპში სამი ბორჯღალოსანი იქნება და ამ ტურნირის მიმართ ქართველთა ყურადღებაც გარანტირებულია. შაბათს, 18:05-ზე აბულაძე-ჭუმბაძის „ექსეტერი“ „გლოსტერს“ უმასპინძლებს, ხოლო 20:35-ზე ივანიშვილის „ბრისტოლი“ ლონდონში „სეილ შარქსს“ დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:5337-კაციანი ლეგიონის ამბები
სიახლეები06/10/2026 | 02:10ფხაკაძის პირველი
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 16:12შედეგიანი ფრანგული უქმეები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 17:46პრემიერშიპში – 3 ბორჯღალოსანი
