ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს

ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს

 „პარი სენ ჟერმენი“ თავისი ფეხბურთელების მხარდაჭერას განაგრძობს. სულ რამდენიმე საათი იყო გასული მას მერე, რაც საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ განკარგა, რომ აშრაფ ჰაკიმი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, როდესაც კლუბი მაროკოელს მორიგ ჯერზე დაუდგა მხარში.

„აშრაფ ჰაკიმი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს და დღემდე უდანაშაულოდ ითვლება. კლუბი ცდილობს თავის ფეხბურთელს შეუქმნას მშვიდი, ღირსეული სამუშაო პირობები, რომლებიც ძირეულ სამართლებრივ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ამასთან კლუბი ადასტურებს, რომ რჩება ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულად“, – წერია განცხადებაში, რომელიც პსჟ-მ „პარიზიენის“ რედაქციაში გააგზავნა.

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში, ივნისის შუაში ვერსალის სააპელაციო სასამართლომ პსჟ-სა და მაროკოს ნაკრების მცველის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება იმის თაობაზე, რომ მან 2023 წელს ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა, ძალაში დატოვა. თავად ჰაკიმი ბრალდებას პირველივე დღიდან უარყოფს. ვერსალის სააპელაციო სასამართლოს დადგენილების შემდეგ ჰაკიმმა საჩივარი საკასაციო სასამართლოში გააგზავნა, რაც მისთვის ფრანგული სასამართლო სისტემის ფარგლებში საქმის გარჩევისთვის თავის არიდების ბოლო შესაძლებლობა იყო.

ქალმა, რომელიც 2023 წელს 24 წლის იყო გამოძიებას უამბო, რომ აშრაფ ჰაკიმი იანვარში ინსტაგრამზე გაიცნო, 24 თებერვალს კი ფეხბურთელის მიერ გაგზავნილი ავტომობილით მას შინ ეწვია. სტუმრობის მეორე დღეს მან მან პოლიციაში იჩივლა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მას ჯერ თანხმობის გარეშე აკოცა, შემდეგ კი სექსუალური ხასიათის ქმედებებს მიმართა. ქალმა მოყვა, რომ მან ჰაკიმის მოგერიება შეძლო, შემდეგ კი მეგობარმა გამოუარა. ის მეგობარს მთელი ამ ხნის განმავლობაში მესიჯებს სწერდა. 2023 წლის 2 მარტს ფეხბურთელს ოფიციალური ბრალდება წარუდგინეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.