ლა ლიგის ბოლო ტურში „მეტროპოლიტანოზე“ გამართულ მადრიდულ დერბიზე დაწერეს ამ გუნდების ადრინდელ დაპირისპირებებზე მეტი იყოო. „ატლეტიკომ“ ალეხანდრო გრიმალდოსა და ჯონათან დავიდის გოლებით 2:1 გაიმარჯვა. „რეალის“ ერთადერთი საპასუხო გოლი 89-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა შეაგდო. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს „რეალის“ ჰოლანდიური წარმოშობის ესპანელი მცველი დინ ჰაუსენი.
ამ შედეგის გამო „რეალი“ მეოთხე ადგილზე ჩავარდა, „ატლეტიკო“ კი მეორეზეა და 5 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“.
როგორც მოსალოდნელი იყო „თეთრების“ თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ წაგება მშვიდად ვერ მიიღო და მსაჯებს შეუტია, „ატლეტიკოს“ ორი ფეხბურთელი უნდა გაეძევებინათო. მატჩის შემგომ პრეს-კონფერენციაზე პორტუგალიელი აგრესიული იყო. მან კორუფციაც კი ახსენა.

მოურინიუმ საპრესკონფერენციო დარბაზში იმ ორი ეპიზოდის ფოტო წარადგინა, როდესაც მისი აზრით არბიტრს მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები უნდა გაეგდო.
„ჩვენ შეგვიძლია პრეს-კონფერენცია საერთოდ გამოვტოვოთ, რადგან შეხვედრის მთავარი ამბავი ამ ორ ფოტოზეა ასახული. ეს იყო მომენტები, როდესაც მსაჯს ფეხბურთელები მოედნიდან ულაპარაკოდ უნდა გაეგდო“, – თქვა „განსაკუთრებულმა“.
ამ ორი ფოტოდან პირველზე აღბეჭდილი იყო კანგ-ინ ლის უხეშობა და ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ – ამბობენ, რომ ვალვერდეს სამი კვირის გამოტოვება მოუწევს – მეორეზე კი ეპიზოდი, როდესაც კრისტიან რომერო ჯუდ ბელინგემს ფეხზე აბიჯებს. აქ მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი ბელინგემს ამოუღო, მაგრამ საბოლოოდ რომერო გააფრთხილეს.
მოურინიუ: „უპირველეს ყოვლისა იმას ვიტყვი, რომ თამაშამდე ერთი კვირით ადრე უკვე ვიცოდით, თუ ვის უნდა ემსაჯა ეს მატჩი. არადა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მსაჯის ვინაობა 24 საათით ადრე უნდა ცხადდებოდეს. წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა. მერედა დაგვინიშნეს კაცი, რომელსაც 41 წლის ასაკში საერთაშორისო გამოცდილება არ აქვს. დამეთანხმებით ასეთი რაღაც მისი მაღალი კვალიფიკაციის გამო არ მოხდებოდა. საბრალო ბიჭი, მოვიდა აქ და ზეწოლას ვერ გაუძლო. ამ ზეწოლამ 1980-იანი წლები გამახსენა. დღეს ასეთი რაღაცები აღარ ხდება.
რაც შეეხება VAR-ის მსაჯ ხესუს ტრუხილიოს, ამ ბატონს „რეალის“ შეხვედრებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გაიხსენეთ გასული სეზონის მატჩები „რეალ სოსიედადთან“, „ოსასუნასთან“, „ჟირონასთან“… ის გამოცდილი კაცია. თუ იმ საცოდავ მთავარ მსაჯს არც გამოცდილება უწყობდა ხელს და არც ავტორიტეტი, ამას ხომ არაფერი თრგუნავდა. იჯდა თავისთვის ოთახში, სადაც ზეწოლა არ არის.
და საერთოდ, ნეგრეირას კორუფციული სკანდალი ხომ დამთავრდა. თუ არ დამთავრებულა?“
რაც შეეხება გამარჯვებული გუნდის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს, როდესაც მოურინიუს აგრესიული პრეს-კონფერენციის კომენტარი სთხოვეს, მან თქვა: „ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველას უნდა შეგვეძლოს პატივისცემის გამოხატვა. არ აქვს მნიშვნელობა რა გვარი ხარ – მოურინიუ, სიმეონე, პელეგრინი თუ ფლიკი. ზღვარს არ უნდა გადაცდე“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
