დანიელ რიოლო: რომელი პლანეტიდან ხარ ლუის ენრიკე?

დანიელ რიოლო: რომელი პლანეტიდან ხარ ლუის ენრიკე?

„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაში „სლოვანს“ 6:1 მოუგო, მაგრამ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯერაც გამარჯვების გარეშეა. პრეს კონფერენციებიდან ჩანს, რომ ლუის ენრიკე ამ ფაქტის გამო სულაც არ ღელავს. ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ შეუძლია ნაძლევს ჩამოვიდეს – მისი გუნდი კვლავ საფრანგეთის ჩემპიონი გახდება.

პსჟ-ს თავკაცის ეს განცხადება ძალიან არ მოეწონა ფრანგ ჟურნალისტს, RMC-ს მესვეტეს დანიელ რიოლოს, რომელმაც თქვა:

დანიელ რიოლო

„აგვისტოს ბოლოს, „ლე ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლუის ენრიკემ თქვა, რომ ლიგა 1 რთული შეჯიბრებაა. მაშინ ვიფიქრე, ნეტავ ეს კაცი რომელ პლანეტაზე ცხოვრობს-მეთქი. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ვერ აცნობიერებდა ფაქტს, რომ თავად წარმოადგენს ულიმიტო შესაძლებლობების მქონე კლუბს, ხოლო ლიგა 1 ამ დროს ფინანსური კრიზისის შუაშია. ასეთი განცხადებები შეურაცხყოფს საფრანგეთში სხვა კლუბების გულშემატკივრებს.

 ჩემო ძვირფასო, მიდი, აბა „ოსერს“ ჩაუდექი სათავეში! შენ ისეთი კარგი მწვრთნელი ხარ, რომ წესით „ოსერშიც“ უნდა შეძლო რამე. ფეხბურთელები ჩვეულებრივ ირბენენ, თამაშის პრინციპებიც იგივე იქნება, მაგრამ შენ იმავე შედეგებს ვერ მიაღწევ. დღეს კი შენს კლუბს სხვებზე ათჯერ მეტი რესურსი აქვს, ულიმიტოა. შენ შეგიძლია 250 მილიონად ცუდი ტრანსფერი განახორციელო, პრობლემა არ არის. ამიტომ, შენი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი პათეტიკურია. შენი ბიუჯეტი 800 მილიონია და ამიტომ ლაპარაკობ ასე. შენს პოზიციას მე პათეტიკურს ვუწოდებ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.