პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს

პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს

დიდწილად რიცხობრივ უმცირესობაში მოთამაშე „ლანსმა“ „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის სუპერთასი მოუგო – 1:0. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟის, დინო ტოპმიოლერის გუნდს გამარჯვება 32-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა მოუტანა. პსჟ ახალ სეზონში ყველა ტიტულს ვეღარ აღმართავს, არადა ოთხი დღით ადრე, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, შესანიშნავად დაიწყო.

როგორც აღვნიშნეთ, „ლანსი“ ორიდან თითქმის ერთი ტაიმის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში იყო. ასეთ პირობებში თვით „პარი სენ ჟერმენის“ დამარცხება აშკარად დიდ ვაჟკაცობას მოითხოვდა. უმცროსი ტოპმიოლერი, რომელმაც ზაფხულში მწვრთნელის პოსტზე პიერ საჟი შეცვალა, უკეთეს შედეგს ვერც კი ინატრებდა. მას 39-ე წუთზე მაგნეს აკლიუშის წინააღმდეგ უხეშობის გამო მოედნიდან კილიან ანტონიო გაუძევეს. ამავე შეხვედრაში იყო კიდევ ერთი წითელი ბარათი, როდესაც 87-ე წუთზე მსაჯმა მოედანი პარიზელ ნუნუ მენდეშს დაატოვებინა. მიზეზი პოლონელი თავდამსხმელისთვის მიხალ სკორასისთვის იდაყვის ჩარტყმა გახლდათ.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 70-ე წუთი დაჰყო. ის სენი მაიულუმ შეცვალა. ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა ქართველს 10-დან 5 ქულა დაუწერა და მისი გარჯა სიტყვიერად ასე შეაფასა: „პარიზელმა გარემარბმა „ბოლარეზე“ დიდებული სანახაობა ვერ აჩვენა. მართალია მან მარცხენა ფრთაზე რამდენიმე გარღვევა შეასრულა, მაგრამ ორთაბრძოლებში მეტწილად მარცხდებოდა და მეტოქისთვის დიდ ხიფათსაც ვერ ქმნიდა – პირველ ტაიმში მხოლოდ ორჯერ დაარტყა  კარისკენ“.

footmercato-მ კვარაცხელიას თამაში კიდევ უფრო ნაკლები, 4 ქულით შეაფასა და მისი თამაში სიტყვიერად ასე აღწერა: „ამ შეხვედრაში ქართველი ნაკლებად იყო შთაგონებული, ვიდრე ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“, მაგრამ პსჟ-ს შემადგენლობაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითად მოთამაშე ფეხბურთელი გახლდათ. მან ოთხჯერ მოსინჯა მეკარე რობენ რიზეს ოსტატობა, თუმცა სიზუსტე დააკლდა, განსაკუთრებით პირველ ეპიზოდში, როდესაც ბურთი მნიშვნელოვნად აცდა მიზანს. მან ვერც ზუსტი ჩაწოდებებით გამოიჩინა თავი. მეტოქე კვარაცხელიას კარგად ბოჭავდა, თუმცა, ქართველმა უბურთოდ მაინც კარგად ითამაშა: მეტოქეს ოთხჯერ წაართვა ბურთი და სამივე საჰაერო დუელი მოიგო“.

flashscore – 6.9; fotmob – 6.7; sofascore – 6.6;

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.