საქართველომ შეკრება დაიწყო

საქართველომ შეკრება დაიწყო

13 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით 15 კალათბურთელი შეიკრიბა – სერბი პეციალისტის განკარგულებაში ყველა ის მოთამაშეა, რომელიც გამოიძახა.

ესენი არიან: მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი და გოგა ბითაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ჯგუფში, ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული სამი გუნდი D ჯგუფის სამ საუკეთესო გუნდთან – მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი – გაერთაინდა და შეიქმნა ახალი, ექვსგუნდიანი ჯგუფი.

პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ. მომდევნო ექვს თვეში, სამი ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველოს თამაში საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით მოუწევს.

საქართველოს ნაკრები 28 აგვისტოს და მონტენეგროს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელმა ვარჯიშმა ნაყოფიერად ჩაიარა. სტანდარტულ, ბაზისურ ვარჯიშებთან ერთად, მწვრთნელმა კალათბურთელებს კონკრეტული კომბინაციები დაამუშავებინა. პირველივე ვარჯიშზე კომბინაციების დამუშავება გასაკვირი სულაც არაა, რადგან წინა მატჩებთან მიმართებით ბირთვი გაძლიერებულია.

პირველივე დღიდან ნაკრებთან ერთადაა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც წინა ფანჯარაში ამერიკაში დარჩენის მიზეზი ჰქონდა: მოლაპარაკებები „ლეიკერსთან“, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა. შესაბამისად, მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ლეგენდარული კლუბის წევრის რანგში შეუერთდა.

„ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი, გოგა ბითაძე, ესპანეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ამერიკაში არ დაბრუნებულა, საქართველოში იმყოფებოდა და ნაკრების შეკრებაზე პირველივე დღეს გამოცხადდა. შეკრებებს შორის პერიოდში თორნიკე შენგელიამ მოასწრო კლუბის გამოცვლა და „ბარსელონადან“ „დუბაიში“ გადაინაცვლა; ნაკრების წევრთა ნაწილი კი –დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე და გიორგი ტურძილაძე თავისუფალი აგენტები არიან.

ოფიციალურ მატჩებამდე საქართველოს ნაკრები ორ სპარინგ-მატჩს გამართავს: პირველს, 19 აგვისტოს, ლიბანის ნაკრებს დახურულ კარს მიღმა ეთამაშება; 23-ში კი, ისრაელთან მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.