ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა

ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა

„ობიექტური შეფასება ძნელია. ვფიქრობ, პირველი ტაიმი საინტერესოდ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ დავუშვით შეცდომა, რომელმაც მეტოქის მეორე გოლი განაპირობა და ამის შემდეგ ყველაფერი გართულდა. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. ვნახე აკადემიის აღზრდილი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ძალიან კარგად ითამაშეს. ამ შეხვედრაში მთავარი ამოცანა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება იყო. რასაკვირველია, ის შედეგი ვერ მივიღეთ რაც გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია“, – თქვა „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მალიორკაზე, ახალი სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში 0:3 დამარცხების შემდეგ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში მოედანზე 61 წუთი დაჰყო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: კარში დარტყმა: 1; მოსალოდნელი გოლები: 0.03; კარისკენ დარტყმა: 0; ბურთთან შეხება მეტოქის საჯარიმოში: 7; წარმატებული დრიბლინგი: 3/6 (50%); მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1; საკვანძო პასი: 1; ზუსტი პასები საჯარიმოში: 1/2 (50%); ბოლო მესამედში ზუსტი პასები: 7/9 (78%); პროგრესიული გადაადგილებები ბურთით (ანუ მეტოქის კარისკენ ჯიქურ წასვლა): 8 და ა.შ.

„მალიორკა“ გასულ სეზონში ლა ლიგიდან გავარდა ანუ ლა ლიგა 2-ის გუნდია, მაგრამ შეკრება პსჟ-ზე ადრე დაიწყო და ფიზიკურ მომზადებაში მისი უპირატესობა აშკარა გახლდათ. გარდა ამისა, ლუის ენრიკეს განკარგულებაში არ იყვნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები ფეხბურთელები. მათ ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ მბაიე, ნდჯანტუ, დრო ფერნანდესი, ლუსეა და კუკაბა. ძირითადის ან ძირითადთან მოტრიალე მოთამაშეებიდან კი იყვნენ კვარაცხელია, საფონოვი, ზაბარნი, მაიულუ და ბერალდო.

რაკი ქვემოთ შეხვედრის ვიდეო-მიმოხილვას გთავაზობთ, მომენტების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ. ერთხელაც გავიმეორებთ, რომ ეს იყო მომზადების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ორი გუნდის თამაში.

maxifoot-მა კვარას 5 ქულა დაუწერა და მისი თამაში სიტყვებით ასე აღწერა: „ქართველი მარცხენა ფრთაზე მოქმედებდა. ინდომებდა, მაგრამ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ვერ შეძლო. ის აქტიურად მონაწილეობდა შეტევებში, თავის ფრთაზე მომენტებს ქმნიდა, მაგრამ მეტოქეები კარგად მეურვეობდნენ, პასებსა და დარტყმებში კი სიზუსტე არ ჰყოფნიდა. გასაკვირად პასიური იყო „მალიორკას“ მესამე გოლის დროს, როდესაც კუთხურზე დაცვაში იყო ჩასული“.

flashscore-მა კვარაცხელიას 6.6 დაუწერა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.