ინფანტინოს ბოდიში და მუქარა

ინფანტინოს ბოდიში და მუქარა

ოთხშაბათს ჯანი ინფანტინომ ფიფას მმართველობის წევრები რაბათის ოფისში შეკრიბა. შეხვედრის დამთავრებიდან ოთხ საათში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტ ინფანტინოს სურდა დაეარსებინა შვილობილი ორგანიზაცია Fifa Forward Enterprise, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების წილებს გაყიდიდა. ამ იდეამ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. უეფამ გამოაცხადა, რომ ინფანტინოს რწმენა დაკარგა და მის პროექტს „არაკეთილსინდისიერი, კულისებსმიღმა და გაუმჭვირვალე“ უწოდა.

შვეიცარიელ დიპლომატს კრიტიკა თავად ფიფაშიც კი დაატყდა თავს. გენერალურმა მდივანმა მატიას გრაფსტრომმა, რომელიც რაბათის შეკრებასა ესწრებოდა მთელს ამ ისტორიაზე თქვა, რომ ეს იყო „მოვლენათა სამწუხარო და სამარცხვინო თანმიმდევრობა“.

ასეთი განცხადების მიუხედავად, ოთხშაბათის შეკრებიდან გამოსულმა გრაფსტრომმა და მმართველმა საბჭომ ინფანტინოს, როგორც პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ინფანტინომ და გრაფსტრომმა გაუგზავნეს ერთობლივი, ხელმოწერილი წერილი ფეხბურთის 211 ფედერაციას, რომელშიც მომხდარისთვის ფიფა ბოდიშს იხდის, ამბობს, რომ შეცდა და პირობას დებს: მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება.

ფიფას მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თათბირზე სერიოზული შეცდომა ხმამაღლა აღიარეს. ფედერაციებს და კონფედერაციებს თავი პროცესიდან გარიყულად არ უნდა ეგრძნოთ და ყველაფერი სხვანაირად უნდა წარმართულიყო. თუმცა ფიფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც წერია, რომ ორგანიზაცია მის პატიოსნებაში ეჭვის შეტანას აღარ მოითმენს და ღირსების დასაცავად ყველა ზომას იხმარს.

მატიას გრაფსტრომი

მანამდე ფიფამ უარყო „თაიმზში“ დაბეჭდილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფანტინომ მაროკოს მხარდაჭერის სანაცვლოდ 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობა შესთავაზა.

ინფანტინო იმედოვნებს, რომ რაბათის შეხვედრა წერტილს დაუსვამს მისი მმართველობის ათწლიან პერიოდში ატეხილ ყველაზე დიდ ხმაურს, თუმცა მხარდაჭერას, რომელიც ფიფას მმართველმა საბჭომ შვეიცარიელს გამოუცხადა, მაინც მოჰყვა მწვავე კრიტიკა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, რომლის ქვეყანამაც სულ ახლახან აშშ-სა და მექსიკასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, განაცხადა, რომ მას ინფანტინოს ნდობა აღარ აქვს.

„ბარსელონას“, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა გარემარბმა ლუიშ ფიგუმ ფიფას პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა. ფიგუმ თქვა: „ინფანტინომ გააუფასურა თანამდებობა, რომლის გაძლიერებასაც გვპირდებოდა. ახლა მისი ღირსების გადარჩენა გვიანია, მაგრამ ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება.“

მიუხედავად ამისა, 56 წლის ინფანტინო მეოთხე ვადით არჩევისთვის აპირებს ბრძოლას.

ოპონენტებს კანდიდატურების წარსადგენად 18 ნოემბრამდე აქვთ ვადა. არჩევნები 2027 წლის მარტში, მაროკოში, ფიფას კონგრესზე გაიმართება.

გამარჯვებისთვის 211-დან 106 ხმა არის საჭირო, თუმცა „უეფას“, შესაძლოა, სხვა გეგმები ჰქონდეს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ არა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინფანტინოს ნდობა დაკარგა, არამედ მას სამართლებრივი დევნითაც დაემუქრა.

ამ კვირის დასაწყისში რამდენიმე წევრმა ასოციაციამ — მათ შორის უელსმა (რომელსაც მხარს სავარაუდოდ ინგლისიც აუბამს) — მომავალში ინფანტინოს მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. BBC წერს, რომ ბოდიშის მოხდის შემდეგ ფიფას პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება ბევრმა შეიცვალა, ხოლო იმ ფედერაციების რიცხვი, რომლებიც ინფანტინოს მხარს უჭერენ, „აჯანყებული“ ფედერაციების რიცხვზე მნიშვნელოვნად მეტია. ასე მაგალითად ბოლო დღეებში ინფანტინოს მხარი ეგვიპტემ, მაროკომ, ნიგერმა, მავრიტანიამ, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ფილიპინებმა დაუჭირეს. ამ და მსგავსმა ქვეყნებმა ისარგებლეს Fifa Forward-ის დაფინანსებით. ეს პროგრამა, შეიძლება ითქვას Fifa Forward Enterprise -ის წინამორბედია. ასე რომ უეფამ უნდა იპოვოს გზა, თუ როგორ დაარწმუნოს ეს ქვეყნები, რომ მათთვის ფულის მიცემას სხვა პრეზიდენტიც შეძლებს და პლუს სხვა სარგებელსაც მოიტანს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.