ლივერპულის ბედნიერი მეკარე 2029 წლამდე დარჩა

ლივერპულის ბედნიერი მეკარე 2029 წლამდე დარჩა

„ლივერპულის“ მეკარემ ფრედი ვუდმენმა მერსისაიდულ კლუბში თავისი პირველი სეზონი ეფექტურად დაასრულა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელი „ენფილდ როუდზე“ გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფის „პრესტონ ნორს ენდიდან“  თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გადაწყვიტა 2029 წლამდე დარჩეს.

29 წლის მეკარე „წითელთა“ კლუბში მივიდა როგორც მთავარი მეკარის ალისონ ბეკერისა და მისი სათადარიგოს, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი მესამე გოლკიპერი. ახალ გუნდში პირველი შეხვედრა ოქტომბერში ლიგის თასზე „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ჩაატარა, პრემიერლიგაში კი აპრილში „ევერტონის“ წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც მამარდაშვილი დაშავდა.

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე იცავდა ლივერპულელთა კარს „კრისტალ პალასთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრებშიც, ახლა კი ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით აშშ-ში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფება.

ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ ვუდმენმა თქვა: „არ დაგიმალავთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. გასული სეზონი პირადად ჩემთვის შესანიშნავი იყო, ახლა კი პრე-სეზონზე დავბრუნდი და კლუბმა დარჩენა შემომთავაზა. ეს ძალიან სასიხარულო იყო. გულწრფელად ბედნიერი ვარ კონტრაქტის განახლება და ამ დიდებულ კლუბში დარჩენის შესაძლებლობა რომ მომეცა. ვამაყობ. მრავალნაირი ემოცია მიპყრობს. „ლივერპულში“ გასულ სეზონში მოვედი და ვასრულებდი იმ როლს, რომელიც მომარგეს, შემდეგ კი თამაშის შესაძლებლობა მომეცა. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო მატჩი „პალასთან“, როდესაც ფანებთან კავშირი ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის. ახლა კი აქ უფრო დიდხანს დარჩენის შესაძლებლობა მეძლევა და ეს ძალიან მახარებს. მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ“.

ბოლოს ვუდმენმა დასძინა: „შესაძლოა ეს ნათქვამი გიჟურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გასულ სეზონში იმ მომენტისთვის, რომელიც „ევერტონთან“ შეხვედრაში მოხდა (ლაპარაკია მამარდაშვილის დაშავებასა და მოედანზე შესვლაზე) მზად ვიყავი. ახალ სეზონშიც იგივე მიზანი მექნება“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.