იტალიას კარლო უნდა, პეპს – ფული

იტალიას კარლო უნდა, პეპს – ფული

ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა აპრილში დატოვა. მას მერე „სკუადრა აძურა“ თავკაცის გარეშეა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა ზედიზედ მესამედ დარჩენილი გუნდისთვის ახალ თავკაცს ეძებს. რამდენიმე დღის წინ ჯოვანი მალაგომ, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტად 22 ივნისს აირჩიეს, თქვა, რომ მოლაპარაკებებს პეპ გვარდიოლასთან აწარმოებს. იტალიელები არ მალავენ, რომ მზად არიან გვარდიოლასთვის გამონაკლისიც კი დაუშვან და არნახულად დიდი ხელფასი დაუნიშნონ, თუმცა ორგანიზაციის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ არც ის დამალა, რომ ესპანელამდე თანამდებობა თანამემამულეს კარლო ანჩელოტის შესთავაზეს.

„არ ვაპირებთ დამალვას, რომ პეპამდე კარლოს დავუკავშირდით. ყველაზე სწორი სწორედ იმ ხალხით დაწყებაა, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოებად მიგვაჩნია“, – განაცხადა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ მალდინი და ანჩელოტი ასაკში ცხრაწლიანი სხვაობის მიუხედავად „მილანშიც“ და იტალიის ნაკრებშიც თანაგუნდელები იყვნენ. ანჩელოტი 2025 წელს ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა და ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მას მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალიდან გავარდნის მიუხედავად ნდობა გამოუცხადა და თანამდებობაზე დატოვა.

მალდინიმ აგრეთვე განაცხადა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციისთვის იდეალური იქნებოდა ახალი მწვრთნელი ამ კვირაშივე დაენიშნა, მაგრამ დროზე მნიშვნელოვანი მაინც შესაფერისი ადამიანის შერჩევაა.

„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით გვარდიოლა წლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც იტალიელთა შეთავაზებაზე ორჯერ მეტია.

„გულწრფელად გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით, რა ხდება ამწუთას მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – თქვა მალდინიმ.

იტალიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე ასევე განიხილავდნენ ანტონიო კონტეს, რობერტო მანჩინისა ანდრეა პირლოს კანდიდატურებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.