„ბრესტთან“ შეხვედრის წინ ლუის ენრიკეს პრეს-კონფერენცია სხვანაირად ვერ დაიწყებოდა: დღეს მასპინძელი გუნდი ახალგარდაცვლილი 58 წლის მწვრთნელის ერიკ როას ხსოვნისთვის პატივის მიგებას გეგმავს.
– ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ფანტასტიკური მწვრთნელი იყო. ბოლო წლებში მან გვაჩვენა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ხვალ ის ჩვენთან აღარ იქნება, მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული დღე. იმედი მაქვს, რომ მის საპატივცემულოდ საუკეთესო ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენ ის დაგვაკლდება. მიხარია მის საპატივცემულო ღონისძიებას რომ დავესწრებით.
სენი მაიულუმ ზაფხულში კონტრაქტი გაახანგრძლივა. რას ელით მისგან ამ სეზონში?
ამ სეზონში წინაზე მეტი ფეხბურთელი გვყავს და ამიტომ სათამაშო დროის თვალსაზრისით სპეციფიკური ვითარებაა მოსალოდნელი. მე მუდმივად ფეხბურთელების როტაცია მომიწევს და ეს ადვილი არ იქნება. პირადად სენისგან კი მე საქმისადმი სწორ დამოკიდებულებას ველი. ის ყოველთვის მზად არის მაქსიმუმი გაიღოს.
როდესაც ფეხბურთელებს სამოტივაციო სიტყვით მიმართავდით უთხარით თუ არა, რომ „ბრესტთან“ ისეთივე თამაშის ნახვა გინდათ როგორიც „სლოვანთან“ იყო?
ჩვენ მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ რაკი ლიგა 1-ის პირველი სამი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, ესე იგი რაღაც გამოსასწორებელია. გარკვეული კორექტივები უკვე შევიტანეთ კიდეც, მაგრამ მთავარი „ბრესტთან“ და „მარსელთან“ თამაშების წინ მოტივაციაა. ხვალ სამი ქულის მოპოვება უკიდურესად მნიშვნელოვანია.
გაქვთ რაიმე ხერხი, რომლითაც გუნდში აუცილებელ კონკურენციას შეინარჩუნებთ?
ყველა ხაზსა და პოზიციაზე როტაცია გვექნება. შემადგენლობის ანალიზი მაჩვენებს, რომ ასეთი დაბალანსებული გუნდი არასდროს მყოლია. შესაძლო ტრავმებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ყველა პირობა მაქვს. გასულ სეზონში ნახევარმცველები დაგვიშავდა და გაგვიჭირდა. ახლა ერთ ხაზში სამი ფეხბურთელიც რომ დაგვიშავდეს, სირთულეს დავძლევთ.

ფაბიან რუისი იქნება თუ ოსმან დემბელე – „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები – ისინი გუნდის ინტერესს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. როგორ მოახერხეთ ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება?
ყველა იცნობს პსჟ-ს როგორც გუნდს. დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ინდივიდუალური ჯილდოს მოგება შეუძლია, მაგრამ ჩვენთან პირველ ადგილზე გუნდური სულისკვეთებაა. პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელს კი „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია და ეს ძალიან კარგია.
გაგვაცანით თქვენი სტრატეგია მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით? მესამე გოლკიპერი შეიცვალა: რენატო მარინი წავიდა და ალესანდრო ლონგონი დაიმატეთ. რატომ?
რენატომ გასულ სეზონში ჩვენთან და იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში ითამაშა (მარინი დაბადებულია ბრაზილიაში, არის ბრაზილიის და იტალიის მოქალაქე). ახლა შეუძლია პორტუგალიურ „ნასიონალში“ შეიძინოს გამოცდილება. ალესანდროც ასეთივე პროექტის მონაწილეა. ჩვენ დავაკვირდებით როგორ ითამაშებს რენატო პორტუგალიაში და რას იზამს ალესანდრო 21 წლამდელთა ნაკრებში. ჩემი სამი მეკარით ძალიან კმაყოფილი ვარ. პსჟ-ში მოდუნების საშუალება არავის აქვს. ეს მეკარეებსაც ეხებათ. ტოპ დონის მეკარემ ყოველ დღე უნდა დაამტკიცოს, რომ დიდ მატჩებში მონაწილეობისთვის მზად არის.
დრო ფერნანდესმა სეზონის დასაწყისში როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
დრო ჩემპიონთა ლიგაში თამაშს იმსახურებს. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ყველა შეხვედრაში, რომელშიც ის შეცვლაზე შევიდა, კარგად ითამაშა. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, რაც მე მახარებს. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკს არ შევხედავ. თუ დაიმსახურებს – ვათამაშებ.
ილია ზაბარნის შესახებ რას გვეტყვით?
როდესაც პსჟ-ში თამაშობ, აუცილებლად გაგაკრიტიკებენ და ეს ნორმალურია. 6:1-ს რომ იგებ, მაშინაც კი გაგაკრიტიკებენ. დიდი ხმაური კლუბის ფეხბურთელის გარშემო ხმაური დადებითი მოვლენაა. ბოლო წლებში გვაკრიტიკებდნენ მე, ბრედლი ბარკოლას, დეზირე დუეს… ეს ასეა და ვფიქრობ სამართლიანია. ყველამ ყოველ დღე უნდა დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის ღირსია. აღმასვლა და ჩავარდნა კი ყველა სეზონს ახლავს. გამოსწორების შანსიც ყველა ფეხბურთელს აქვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
მთავარი ამბავი13/09/2026 | 07:11წიტას 90 წუთი
სიახლეები12/09/2026 | 15:41ქოჩორას პირველი საგოლე პასი სევილიაში
აქეთურ-იქითური12/09/2026 | 08:45სწორად მოიქცა დე ლაურენტისი მწვრთნელად ალეგრი რომ დანიშნა?
