ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ

ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ

პეპ გვარდიოლამ ღიად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე, როცა „მანჩესტერ სიტის“ დატოვების შემდეგ დასვენება გადაწყვიტა. ტიტულიანმა კატალონიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად სამწვრთნელო საქმეში დაბრუნებას არ გეგმავს და სურს, მეტი დრო ოჯახს დაუთმოს და ფეხბურთს მიღმა არსებული ცხოვრება შეიცნოს.

„ვნახოთ, რა მოხდება. მენტალურად არ ვგრძნობ, რომ რამე მაკლია. არ ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ან ერთ თვეში ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს. უბრალოდ ვცდილობ გავაცნობიერო, როგორ გამოიყურება ჩემი ცხოვრება ახლა“, — თქვა გვარდიოლამ.

მწვრთნელმა უარყო სკამზე მალე დაბრუნების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მისი სახელი იტალიის ნაკრების მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა. გვარდიოლამ განმარტა, რომ „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი თავისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის მეტი დროის მიღება იყო.

„მსურს ცოტა საკუთარ თავს მივხედო, ბევრად მეტი დრო გავატარო ჩემს შვილებთან, მამასთან, რომელიც 95 წლისაა და ჩემს გვერდითაა, ჩემს დებთან და ძმასთან. ვნახოთ, მომენატრება თუ არა ფეხბურთი და მოვუნდები თუ არა ვინმეს. თუ ასე იქნება, დავბრუნდები. თუ არა, ასე გავაგრძელებ. აღარ ვარ ახალგაზრდა, აღარ ვარ 35-40 წლის. 56 წლის ვარ და ჩემი პერსპექტივაც სხვაგვარი იქნება“, — აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა.

გვარდიოლა ამბობს, რომ ფეხბურთი პრაქტიკულად მთელი მისი ცხოვრებაა, თუმცა სხვა რამეების გამოცდაც სურს:

„ერთადერთი, რაც ვიცი, ფეხბურთის თამაში და სამწვრთნელო საქმეა. ჰოდა, რატომ არ უნდა ვცადო ახალი ცხოვრების აღმოჩენა, ვიყო ბედნიერი და რეალიზებული, როგორც ადამიანი, სხვა საქმეების კეთებით და არა მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობებით? მინდა დავტკბე იმით, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია და რასაც მომავალში გავაკეთებ. ვნახოთ, რა მოხდება“, — დაასკვნა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კარიერაში გვარდიოლამ 39 ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ექვსჯერ ინგლისის პრემიერლიგა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი  და ბევრიც სხვა…

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...