იმედგაცრუება

იმედგაცრუება

10:30 – ესაა ანგარიში, რომლითაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ფიჯელ თანატოლებთან წააგო. ამ მარცხმა უმცროსი ბორჯღალოსნები მე-12 ადგილზე დატოვა და უნდა ითქვას, რომ ესაა საქართველოს U20-ის ანტირეკორდი. ჩვენი ახალგაზრდები ამ სარაგბო ტურნირზე 2016 წლის დებიუტის შემდეგ მუდმივად ასპარეზობენ და კიდევ კარგი, რომ წლევანდელი ჩემპიონატიდან მოყოლებული მის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდამდე გაიზარდა, თორემ…

ფიჯისთან თამაშზე ბევრი საუბრის სურვილი რომ არ არსებობს, ეს ალბათ გასაგებია, მაგრამ მთლიანად ტურნირის შეფასება აუცილებელია. ვიტო კოლელიშვილის გუნდმა ჩემპიონატის წინ ბევრი საკონტროლო მატჩი გამართა და ერთ-ერთში მომავალი მესამედაგილოსანი ახალი ზელანდიაც კი დაამარცხა, მაგრამ საკუთრივ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს რაღაც აკლდათ.

ჯერ ერთი, გამოჩნდა, რომ 20 წლის თითქმის კაცების მხარდამხარ 17-18 წლის თითქმის ბავშვების დაფრთიანების სადავო პრაქტიკამ არ გაამართლა. მოდი შევადაროთ: იგივე მიშო შიოშვილი და ლევიკო სალდაძე პლუს კიდევ რამდენიმე გამორჩეული ბიჭი გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეები არიან, ვიდრე მათზე 2-3 წლით პატარები. ტრადიციულად, ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრა იყო ისედაც ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე. თანაც თუ იგივე თედო აბჟანდაძე რამდენიმე წელი ასაკობრივ ნაკრებში ლიდერთაგანი იყო, ახლანდელ თინეიჯერებზე იგივეს ვერ ვიტყვით.

არა უშავს, 5-დან 4 წაგებული მატჩი კარგი გაკვეთილი იქნება როგორც თავად ბიჭებისთვის, ისე მწვრთნელთა ახალი შემადგენლობისთვის. იმედია, მომავალი წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატიც საქართველოში გაიმართება და უმცროსი ბრჯღალოსნები გულშემატკივრებს გულს ასე აღარ დაგვწყვეტენ.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.