ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს

ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს

საქართველოს ბორჯღალოსნებმა ერთა თასის მესამე მატჩიც მოიგეს და 2026 წლის გათამაშების საზაფხულო ნახევარი ევროპულ-აზიურ-აფრიკული პულის პირველ ადგილზე დაასრულეს. ამ ჯერზე პიერ-ანრი ბრონკანის მიერ მომზადებულმა გუნდმა ჩილეს ნაკრებს ამ ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოში 49:22 მოუგო, 7 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუსიც მიიღო.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ნაკრების კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა პირველივე შეტევისას სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშშიდან მე-4 წუთზე გავიდა. სამიოდე წუთში ასევე სერიოზულად კვაჭი ნიკა სუთიძე დაშავდა და იოლი წარმოსადგენია, რა დღეში იქნებოდნენ „ლა როშელის“ მესვეურები, რადგანაც ნინიაშვილიც და სუთიძეც სწორედ ამ ფრანგულ კლუბში თამაშობენ.

„ნინის“ ნაცვლად მინდორზე თედო აბჟანდაძე შევიდა და საიმედოდაც ითამაშა, ხოლო სარეზერვო კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ სულაც დუბლი მიითვალა, არადა ნაკრებში მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა.

ისიც ვთქვათ, რომ შეხვედრის ბოლოს ტრავმის გამო თამაში ვერც ლუკა ივანიშვილმა გააგრძელა, რომელიც მანამდე ჩილელებს მუსრს ავლებდა და ერთი ეფექტური ლელოც მიითვალა – მისპირად აქტივში მეშვიდე.

მთლიანობაში მატჩი ქართველთა დომინირებით წარიმართა და 7 ლელოც ამის საუკეთესო დასტურია. ბაჩუკი ჭუმბაძემ თავი დებიუტშივე გამოიჩინა და ნაკრებში მესამე ლელო მიითვალა. ჩამოთვლილთა გარდა თავი გამოიჩინეს ბექა შვანგირაძემ (მე-2 სანაკრებო ლელო), თორნიკე კახოიძემ (მე-6) და იოანე იაშაღაშვილმა (პირველი ლელო სანაკრებო კარიერაში). კახოიძის ლელო განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა: ვასილ ლობჟანიძემ ბურთი შერკინებიდან მიიღო და ფეხით ლელოში დაკიდა, იქ კი თორნიკე კახოიძემ კალათბურთელივით ცალი ხელით მოხსნა და დაამიწა.

არ შეიძლება, ლუკა მატკავას შესანიშნავი თამაშიც არ აღინიშნოს – 7-დან 7 გატანილი გარდასახვა ხომ თავისთავად, მაგრამ ის გუნდის შეტევებსაც მშვენივრად უძღვებოდა და თამაშის მართვაშიც ლომის წილი შეიტანა.

და დებიუტის შესახებაც: თამაშის მიწურულს მოედანზე გიორგი პერტაია შევიდა, „გრენობლის“ მარჯვენა ბურჯი. ეს იყო მისი პირველი მატჩი საქართველოს ნაკრების კვართით, რასაც ვულოცავთ კიდეც.

2026 წლის ერთა თასის მომდევნო სამ მატჩს საქართველოს ნაკრები ნოემბერში დიდი ალბათობით თბილისში გამართავს. მეტოქეები – ტონგა, აშშ და კანადა.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.