მატჩი, რომელიც არავის უნდოდა

მატჩი, რომელიც არავის უნდოდა

ლამაზად დაწერა BBC-ს ჟურნალისტმა ემა სმიტმა –  მატჩი რომელიც თავიდან არავის უნდოდა, იქცა მატჩად, რომლის დამთავრებაც არავის უნდოდაო. ინგლისელთა „ბრინჯაოს ფინალი“, რომელსაც აქამდე მშრალად მესამე ადგილისთვის შეხვედრას უწოდებდნენ და რომელშიც ერთმანეთს ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ, ათგოლიანი თრილერი გამოდგა. ამ ათი გოლიდან 6 ინგლისელებმა გაიტანეს. მატჩი შეიძლებოდა კიდევ უფრო უხვგოლიანი ყოფილიყო.

ბუკაიო საკა გახდა მეორე ინგლისელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში ჰეთ-თრიკი შეასრულა. პირველი იყო სერ ჯეფ ჰერსტი, რომელმაც 1966 წლის ფინალში გაიტანა სამი გოლი.

ბუკაიო საკა გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთს ერთ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანა. პირველი იყო პელე 1958 წელს.

ინგლისის ნაკრებმა 1966 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა და ვინაიდან 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისში ჩატარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოეთში გამართულ მუნდიალებზე საუკეთესო შედეგს მიაღწია.

აქამდე მესამე ადგილისთვის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ჩატარდა 1958 წელს, როდესაც საფრანგეთმა გერმანიას 6:3 მოუგო.

გუშინდლამდე ინგლისის ნაკრებს ფიფას რეიტინგში თავისზე მაღლა მდგომი გუნდი 2002 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული. 2002-ში „სამმა ლომმა“ დევიდ ბექემის პენალტით არგენტინას მოუგო 1:0.

ოთხშაბათს ხსენებულ არგენტინასთან ნახევარფინალში გულშემატკივრის გამაღიზიანებლად (1:2 ) წაგების შემდეგ ინგლისელებს ეტყობოდათ, რომ გამარჯვება სწყუროდათ. მათ პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს. ორი გოლი გაიტანა საკამ, ერთი დეკლან რაისმა და ერთიც ეზრი კონსამ.

ისევ სტატისტიკას მოვუხმოთ: საფრანგეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ მოედანი 0:4 ჩამორჩენით 1930 წლის შემდეგ არ დაუტოვებიათ. შესვენებისას დიდიე დეშამის მიერ დამოძღვრილმა „ლურჯებმა“ მოედანზე დაბრუნების შემდეგ 48-ე, 54-ე და 66-ე წუთებზე სამი გოლი გაიტანეს: პირველი და მესამე კილიან მბაპემ შეაგდო, ხოლო მეორე ბრედლი ბარკოლას ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო დეშამის ბოლო მატჩი საფრანგეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე.

მბაპეს ორი გოლი იმას ნიშნავდა, რომ ის 2026 წელს „ოქროს ბუცისთვის“ ლიონელ მესისთან ბრძოლაში დაწინაურდა (მას 10 აქვს გატანილი, მესის – 8) და 22 გოლით გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. დღეს მესის ფინალი აქვს სათამაშო ესპანეთთან და შეუძლია ჩამორჩენა აღმოფხვრას. აქვე დავძინოთ, გოლების რაოდენობით რომ ერთ ჩემპიონატში ორნიშნა რიცხვამდე ბოლოს 1970 წელს გერდ მიულერი ავიდა.

87-ე წუთზე საკამ პენალტით თავისი მესამე და ინგლისელების მეხუთე გოლი გაიტანა. 90+6 წუთზე ოსმან დემბელემ კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა, მაგრამ 98-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა შესანიშნავი გარღვევა შეხვედრის ბოლო გოლით დაამთავრა. ეს იყო ბელინგემის მეშვიდე გოლი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ინგლისის ნაკრების რეკორდია.

საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრაში ექვსი გოლი აქამდე არასდროს გაუშვია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.