საფრანგეთის ნაკრებმა ერაყს 3:0 მოუგო. ორი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, მესამე – ოსმან დემბელემ. პირველ და მეორე ტაიმებს შორის კი იყო… ორი საათი. მიზეზი: თქეში. შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა პირველ შეხვედრაში სენეგალს 3:1 მოუგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლეი-ოფში გავიდნენ. I ჯგუფიდან ორიდან ორი გამარჯვებით ფლეი-ოფში გავიდა ნორვეგიაც, საფრანგეთის ბოლო ტურის მეტოქე. ნორვეგიელებმა სენეგალელებს 3:2 აჯობეს. პირველი გოლი მარკუს პედერსენმა გაიტანა, დანარჩენი ორი კი ერლინგ ჰოლანდმა. სენეგალელთაგან თავი ისმაილა სარმა გამოიჩინა, რომელმაც ორჯერ შეამცირა ორბურთიანი ჩამორჩენა.
– როგორ გადაიტანეთ ეს დაუსრულებელი შესვენება, რომელიც შტორმის გამო წარმოიქმნა? – ჰკითხეს მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს.
– კარტს ვთამაშობდით, – უპასუხა მან, – ველოდებოდით. მოედანზე დასაბრუნებლად გამოყოფილი გვქონდა დროის მონაკვეთები, რომელთაც სულ იქით-იქით გვიდებდნენ. პერიოდულად ვხურდებოდით, რადგან არ გვინდოდა ტრავმა მიგვეღო. ასეთი რამ პირველად ვნახე. ეს გამოცდილება ფეხბურთელებისთვისაც პირველი იყო. დიდხანს მოგვიწია ლოდინმა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. უნდა ვაღიარო, რომ მოვეშვით, რაშიც ვერავის დავადანაშაულებ. უსაფრთხოების ამბავია. ადგილობრივ კანონებს დავემორჩილეთ. არ გავღიზიანებულვარ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღმოვჩნდით.

ოსმან დემბელეს შესახებ დეშამმა თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ფიზიკურად კარგ ფორმაშია, მაგრამ შეგუება სჭირდება იმ სათამაშო სისტემასთან, რომელშიც თავი ერთი წელიწადია არ მოუსინჯავს.
– ის საკვანძო ფეხბურთელია და რაც დღეს გააკეთა მნიშვნელოვანი იყო, – თქვა დეშამმა.
რაც შეეხება კილიან მბაპეს, რომელმაც ორ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ფრანგების მწვრთნელმა მის შესახებ ასე თქვა: „კილიანი საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნია. მას გოლები გააქვს და კაპიტნის ფუნქციასაც ჩინებულად ართმევს თავს. მასზე ამბობენ ეგოისტიაო, მაგრამ ეს ტყუილია. ის საფრანგეთის ნაკრების კაპიტანია და ყველა ფეხბურთელისთვის მაგალითს წარმოადგენს. მბაპე გრძნობს, რომ რეკორდები აქვს დასამხობი და გოლი გოლზე გააქვს. მას რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
