რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?

რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?

ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ეგრეთწოდებული წყლის შესვენებები არ მოსწონს. მან L ჯგუფში განასთან შეხვედრის წინ ილაპარაკა ჟურნალისტებთან. თამაში ბოსტონში უნდა ჩატარდეს, სადაც სინოპტიკოსები წვიმას და სიგრილეს ელიან.

ინგლისელთა პირველი შეხვედრა ხორვატიასთან დალასში, სახურავს ქვეშ, ჩართული კონდიციონერების თანხლებით გაიმართა და როდესაც არბიტრმა „წყილის შესვენება“ გამოაცხადა ინგლისელმა ფანებმა სტვენა დაიწყეს. შესვენებები იქნება ბოსტონშიც, რაც ტუხელს არ ეპიტნავება.

„ეს შესვენებები თამაშს სახეს იმაზე მეტად უცვლის ვიდრე ველოდი. მე მაქვს „წყლის შესვენებების“ გამოცდილება, მაგრამ მაშინ მართლა ძალიან ცხელოდა და შესვენებებიც ამდენ ხანს არ გრძელდებოდა. თან, ეს მაშინ ცოტა შეხვედრას შეეხო. ახლა, აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე „წყლის შესვენებები“ ყველა მატჩის დროსაა. შედეგად, ყველა თამაში ოთხ მეოთხედად არის დაყოფილი, რაც მათ ხასიათს უცვლის“.

წუხელ, საფრანგეთისა და ერაყის ნაკრებთა მეორე ტაიმში ფიფამ „წყლის შესვენება“ გააუქმა. მიზეზი: თავსხმა წვიმის გამო ტაიმებს შორის შესვენება ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ტუხელი: „როგორც მწვრთნელს ასეთი შესვენებები მაწყობს, ვინაიდან მატჩზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მეძლევა, ფეხბურთელებს თავს ვუყრი და ველაპარაკები, მაგრამ ზოგადად მიყვარს როდესაც ტაიმი ერთი ამოსუნთქვით ტარდება. „წყლის შესვენებების“ გამო იმპულსის შენარჩუნება ძნელდება. როდესაც შესვენება არ არის, მოედანზე მიმდინარეოს ბრძოლა ფეხბურთელებს, გუნდებს შორის და ეს ჩვენს მშვენიერ თამაშს სხვა ხასიათს სძენს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.