ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა

დიახ, ტოპ 14-ში ისეთი კონკურენციაა, რომ „ბორდო“, რომელმაც სულ ახლახან ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, შიდა სარბიელზე ჩაფლავდა და ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ექვსეულში ვერ მოხვდა.

რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „კლერმონს“ უმასპინძლა, რომელიც ასევე ლამობდა ზედა ექვსეულში მოხვედრას. ჰოდა, „ვულკანებმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს – 34:31, მასპინძლებს ბონუს-ქულა დაუთმეს და ამ შედეგმა ორივე დააზარალა. გიორგი ახალაძე კლერმონელთა შორის 47-ე წუთზე გამოჩნდა და სულ რაღაც 4 წუთის შემდეგ ლელო დადო. ბორჯღალოსანი ბურჯისთვის ეს იყო მე-5 ლელო 21 მატჩში, თუმცა, ამით „კლერმონის“ სეზონი დასრულდა.

რეგულარულის გამარჯვებული ისედაც იყო ცნობილი, ამდენად, „ტულუზს“ პარიზში „რასინგ-92“–თან არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა, თუმცა, ეს როდი აკნინებს დედაქალაქელთა წარმატებას, რომლებმაც მოქმედ ჩემპიონს 31:20 მოუგეს. ვლადი აშვეთიამ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და თამაშის მიწურულს მშვენიერი ფლანგური შეტევა ლელოთი დააგვირგვინა – მისთვის მე-2 4 მატჩში. ამ წარმატებამ „რასინგი“ მე-5 ადგილზე და შესაბამისად, პლეი-ოფის პირველ წრეში გაიყვანა.

ცხრილის მეორე საფეხურზე ტურნირი „მონპელიემ“ დაასრულა, რომელმაც უმოტივაციო „ლიონთან“ გასვლითი მატჩი დიდ გაჭირვებით მოიგო – 28:25.

მესამეზე კი, მარცხის მიუხედავად, „სტად ფრანსე“ დარჩა, თუმცა აქ გადამწყვეტი იყო ნუგეშ-ქულა – „ლა როშელმა“ დედაქალაქელებს საკუთარ მოედანზე 27:22 მოუგო. რაც შეეხება „ლა როშელს“, ამ გუნდს საფინიშო სპურტი დაუფასდა და პლეი-ოფის პირველ წრეში მონაწილეობად ექცა.

მე-4 ადგილზე „პო“ გავიდა, რომელმაც დიდი ხნის გავარდნილ „მონტობანს“ ქართველების გარეშეც იოლად მოუგო – 71:25. აუტსაიდერთა შორის ტოპ 14-ს სამივე ქართველი დაემშვიდობა – ლუკა აზარიაშვილი და ნუგზარ სომხიშვილი სამარქაფო ბურჯები იყვნენ, ხოლო კვაჭმა ვახტანგ ჯინჭარაძემ სასტარტოში 70 წუთი ითამაშა და კარიერაში პირველი ლელო იზეიმა ტოპ 14-ის ეგიდით.

ტურში კიდევ ერთი ქართული ლელო გავიდა: სეზონის ხელმოცარულთა მატჩში „კასტრმა“ საკუთარ მოედანზე „ტულონს“ ბონუსით სძლია – 38:21, ხოლო სტუმართა დასკვნითი სეზონური ლელო ქართული რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა მიხეილ შიოშვილმა გაიტანა – ბოლოსწინა წუთზე შეტევა საკუთარ 22-თან დაიწყო, ბურთი პარტნიორს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა დაცვა გაარღვია და აყოლილ მიშოს დაუბრუნა, ზორბა ქართველმა ჭაბუკმა კი ისეთი სიჩქარე განავითარა, ფეხმარდმა მცვლებმა კვართზე ჩამოკიდებაღა მოასწრეს. ეს იყო მიშოს მე-4 ლელო ტოპ 14-ის მე-9 მატჩში. ტულონელებს დასვენება ელით, შიოშვილი კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება და მეტოქეთა რბევას უკვე სამშობლოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გააგრძელებს.

„პერპინიანი“ ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და პრო დ2-ის ფინალისტ „პროვანსთან“ მატჩს ექს-ან-პროვანსში გამართავს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.