კლუივერტებისთვის ფეხბურთი ოჯახური საქმეა. მამამ, პატრიკმა, როგორც დიდებულმა თავდამსხმელმა ისტორიას დააჩნია კვალი. ის განსაკუთრებით „აიაქსსა“ და „ბარსელონაში“ ბრწყინავდა; ამ ორი კლუბის გარდა თამაშობდა „მილანში“, „ნიუკასლ იუნაიტედში“, „ვალენსიაში“, პსვ-სა და „ლილში“.
მის უფროს შვილებს ჯასტინსა და რუბენს ევროპულ ფეხბურთში კარგი კარიერა აქვთ. ჯასტინი პრემიერლიგური „ბორნმუთის“ გარემარბია, რუბენი კი ლიგა 1-ის „ლიონის“ განაპირა მცველი, მაგრამ ოჯახში არის კიდევ ერთი ვაჟი, შეინი, რომელიც 18 წლის ასაკში ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.
შეინ კლუივერტი „ბარსელონას“ ლეგენდარული აკადემიის ლა მასიას აღზრდილია. ის კატალონიაში პატარაობაში, 9 წლისა გადაბარგდა და მას მერე შთამბეჭდავი პროგრესი აქვს.
წერენ, რომ „ბარსამ“ კარგად იცის შეინ კლუივერტის სახით რამხელა განძს ფლობს. ამის დასტურია, რომ კლუბმა რამდენიმე თვის წინ გარემარბს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ნიდერლანდური გაზეთი „დე ტელეგრააფი“ წერს, რომ ახალგაზრდა კლუივერტი უკვე „ბარსელონას“ დიდი გუნდის წევრია.
ჰანსი ფლიკის ქვეშევრდომთა რიგებში გარევა უმცროსი კლუივერტის კარიერაში ახალი პერიოდის დაწყებას ნიშნავს. მამამისმა „ბლაუგრანას“ მაისურით ბოლოს 22 წლის წინ ითამაშა. ახლა შეინი ლამინ იმალაისა და კომპანიის მხარდამხარ ივარჯიშებს. მისი თვისებებიდან გამოყოფენ ბურთის სწრაფად ტარების უნარსა და მდიდარ ტექნიკურ არსენალს. მომდევნო სეზონიდან შეინ კლუივერტს უკვე დიდ სცენაზე საკუთარი თვალით ვიხილავთ.

ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
