პრო დ2-ის პლეი-ოფში დამაგვირგვინებელი მატჩიღა დარჩა გასამართი. შაბათს, 6 ივნისს, ტულუზის „სტად ერნე ვალონზე“ ფინალურ მატჩში ერთმანეთს მიხეილ ალანიას „ვანი“ და თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსი“ დაუპირისპირდებიან.
მიშიკოს ნახევარფინალში არ უთამაშია, მისმა გუნდმა კი ვასილ ლობჟანიძის „ოიონაქსი“, რომ იტყვიან, ცალი ხელით დაამარცხა – 48:7. ვასკა მინდორზე ორჯერ შევიდა: შესვენების შემდეგ, გაძევებული სასტარტო 9 ნომერი ჩაანაცვლა, ხოლო ბოლო 13 წუთი უკვე სრულფასოვან შეცვლაზე ჩაატარა. „ვანის“ უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა ნათლად ჩანდა. ამდენად, ლობჟანიძეს, ვანო კარკაძესა და ლუკა მატკავას ტოპ 14-ში დაბრუნების იმედის განხორციელება ერთი წლით გადაუვადდათ.
თორნიკე ჯალაღონიამ კი თავის „პროვანსს“ გამარჯვებაში უშუალო დახმარება გაუწია – სასტარტო შემადგენლობაში იყო, 65-ე წუთამდე ჩვეულ სტილში, აქტიურად ითამაშა, ბურთი შეტევაში კარგად მიჰქონდა, დაცვაშიც მაგრად ომობდა, „პროვანსმა“ კი გასვლაზე „კოლომიე“ 36:28 დაამარცხა.
ცნობისთვის, „ვანი“ ტოპ 14-ში 1-სეზონიან გამოცდილებას ფლობს – გუნდი შარშანწინ ავიდა ამ ლიგაში და შარშან პრო დ2-ში დაბრუნდა. რაც შეეხება „პროვანსს“, ამ კლუბს ტოპ 14-ში არასდროს უთამაშია.

კვირას კიდევ ერთიმნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა: ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ნიცის კოხტა „სტად მარსელ ვალოზე“ ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „მონ-დე-მარსანს“ 31:26 მოუგო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრო დ2-ში აღზევდა. სამწუხაროა, რომ ლიგაში აღზევება-გავარდნის ამბავი ორ ამდენად ტრადიციულ კლუბს შორის წყდებოდა: „ნიცა“ შორეულ 1983 წელს საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალისტი იყო, ხოლო „მონ-დე-მარსანი“ უფრო შორეულ 1963-ში სულაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა….
საკუთრივ მატჩი კი უაღრესად დრამატული გამოდგა. შეხვედრის 62-ე წუთზე, სტუმართა ხანგრძლივმა შეტევამ შედეგი მოიტანა, იოანე იაშაღაშვილმა უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა, რომელიც გარდაისახა კიდეც და „მონ-დე-მარსანი“ 26:24 დაწინაურდა. ათიოდე წუთის შემდეგ კი, მასაპინძლებმა არანაკლებ მძიმე რკენის შედეგად დაწინაურება მოახერხეს – 31:26. ამის შემდეგ მწვრთნელმა უკვე გამოცვლილი იო და ლუკა გოგინავა დააბრუნა, თუმცა ბოლო შტურმი ჩაფლავდა და ხსენებული ბორჯღალოსნები და მათთან ერთად 80 წუთის ჩამტარებელი ლადო ჩაჩანიძეც ნასიონალ ლიგაში დაქვეითდნენ.
იაშაღაშვილმა თავს მანამდეც უშველა – მომავალი სეზონიდან „ვანის“ ღირსებას დაიცავს. აი, გოგინავასა და ჩაჩანიძეს კი სასწრაფოდ მოუწევთ უფრო სოლიდური კლუბის მოძებნა, რადგან საფრანგეთის მესამე ლიგიდან ნაკრებში მოხვედრა პრობლემური იქნება. რაც შეეხება „ნიცას“, კვირას მის შემადგენლობაში ბურჯმა ვაჟა კაპანაძემ ითამაშა და ჯერჯერობით ის ერთადერთი ქართველია რივიერელთა შემადგენლობაში.
დაბოლოს, ინგლისის პრემიერშიპის შესახებაც. ბაჩუკი ჭუმბაძემ და მისმა „ექსეტერმა“ სასწაული ჩაიდინეს, დაამარცხეს რა სტუმრად „ლესტერ თაიგერსი“ 35:26. ამ გამარჯვების შემდეგ „ბელადებს“ 60 ქულა აქვთ და რათა საპლეიოფო კვარტეტში დარჩნენ, ბოლო ტურში 57-ქულიან „სარასენსთან“ არწაგება მართებთ. „ბრისტოლს“ კი 54 ქულა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ლუკა ივანიშვილის გუნდი მეექვსეა და საჩემპიონო ბრძოლის მიღმა დარჩა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/06/2026 | 13:59ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
სიახლეები01/06/2026 | 14:40მელიქიძე ქართველებში გალიდერდა
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
