ფავორიტები გავარდნენ

ფავორიტები გავარდნენ

„როლან გაროსზე“ ამბები ხდება, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. კაცთა შორის ხომ უამრავი სენსაცია დაფიქსირდა, მაგრამ არც ქალები ჩამორჩნენ.

დანილ მედვედევის, იანიკ სინერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ ბულონის ტყიდან აბარგება ქალთა შორის პირველ ჩოგანს, არინა საბალენკასაც მოუწია. ბელარუსი მეოთხედფინალში რუს დიანა შნაიდერთან 6:3; 5:7; 0:6 დამარცხდა. წაგებაც არის და წაგებაც – საბალენკას პირველი სეტი მოგებული ჰქონდა, მეორეშიც 5:3 დაწინაურდა და შემდეგ ზედიზედ 10 გეიმი დათმო.

24 წლის მაია ხვალინსკა კი ნახევარფინალში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა. პოლონელმა ანა კალინსკაია 7:6; 6:3 დაამარცხა და მეორე ჩოგბურთელია, ვინაც „როლან გაროსზე“ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველად ეს ნადია პოდოროსკამ 2020 წელს გაახერხა. მირა ანდრეევამ რუმინელი კირსტეა 6:0; 6:3 დაჯაბმა და ნახევარფინალში მარტა კოსტიუკს ეთამაშება, რომელმაც, თავის მხრივ, უკრაინულ დერბიში სვიტოლინა 6:3; 2:6; 6:2 დაამარცხა.

კაცთა შორის ნახევარფინალში ითამაშებენ ზვერევი-მენშიკი და კობოლი-არნალდი. გერმანელმა ზვერევმა ესპანელი ჯოდარი 7:6; 6:1; 6:3 დაამარცხა, ხოლო მენშიკმა ასევე სამ სეტში ჯოკოვიჩის გამგდებ ბრაზილიელ ფონსეკას მოუგო 6:4; 6:3; 7:6. კობოლიმ კანადელი ოჟე-ალიასიმი ოთხ სეტში დაამარცხა – 4:6; 6:4; 6:4; 6:4, ხოლო არნალდის მეტოქე ბერეტინი მეორე სეტში დანებდა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...