მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია – 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ „მგლებთან“ 17:19 წააგეს და ტიტულიც დაკარგეს.
ეს ლოგიკურიც იყო – ადრე თუ გვიან, ფეხი რომ დაგიცდება და ამით ოპონენტი ისარგებლებს, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ეს მოხდა. ყველას თვალწინ გვქონდა რუმინული რაგბის მაგალითი. ამ ქვეყანას ისეთი სარაგბო ნაკრები ჰყავდა, რომელიც შიშის ზარს ბობოლებსაც სცემდა, ტიერ 1-ის წევრთა უმრავლესობაც ჰყავდა დამარცხებული და დიდ 6 ერში გაწევრიანებას ქართველებზე ადრე ითხოვდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ყბადაღებული 6 ერი 5 ერისგან შედგებოდა.
მოხდა ისე, რომ ბრიტანელების მიერ შექმნილმა დახურულმა კლუბმა რჩეულთა წრეში იტალია მიიპატიჟა – როგორც ცინიკოსები ამბობდნენ, რომში ჩასვლა ბუქარესტს ერჩივნათ. არადა, იტალია იმდენად უკბილო იყო, ხუთ წელიწადში ერთ მატჩს თუ იგებდა, ეს უკვე დიდ მიღწევად მიიჩნეოდა.
მერე რუმინელებისგან დაწინაურების ამბიცია ქართველებმა გადაიბარეს, ხოლო თავად რუმინეთმა ისეთი რეგრესი განიცადა, რომ აგერ, წლეულს გერმანიასთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ „ჩვენს“ ჩემპიონატში ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა.
ქართველებმა კი 6 ერის კარზე კაკუნი დაიწყეს, ჯერ მორიდებით, მერე – უფრო თამამად, ბოლოს კი ყველაფერი იმაში გადაიზარდა, რომ ერთ წელიწადში ჯერ იტალია დაამარცხეს ბათუმის ახალაშენებულ სტადიონზე, შემდეგ კი უელსი მისივე საკრალურ „მილენიუმზე“ დასცეს. ამას არავინ ელოდა და რაგბის მამებიც დაფაცურდნენ, მსოფლიო რაგბის სისტემა ისეთნაირად გადააწყ-გადმოაწყეს, რომ წლევანდლიდან მოყოლებული ტიერ 1-ის ნაკრებები თავის ტოლებს ეთამაშებიან, ტიერ 2-ის ერები – თავის ტოლებს. ანუ აღარც სამხრეთ აფრიკასთან ტესტი გველის ახლო მომავალში, არც შოტლანდიასთან და არც ფიჯი-იაპონიასთანაც კი! 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო თასზე 2 ბობოლასთან ჯახიც კმარა თქვენთვისო. აი ასე, ბატონო, საკუთარ წვენში მოიხარშეთ და თუ მსოფლიო თასზე წარმოუდგენლად მაგარ სამხრეთ აფრიკას დაამარცხებთ, ან იტალიას, მერე კიდევ ვიფიქრებთო. არადა იტალია 6 ერის დახურულ კლუბში მაჩანჩალისთვის განკუთვნილი „ხის კოვზით“ სირცხვილს რახანია აღარ ჭამს, ყოველწლიურად წინ მიიწევს და ხან საფრანგეთს უგებს, ხანაც – ინგლისს. წლეულს მე-4 ადგილზე დაამთავრეს ტურნირი.
ქართველებმა კი პორტუგალიასთან წავაგეთ და „მსოფლი რაგბისა“ და 6 ერის მმართველების მზაკვრული გეგმაც გამართლდა. არა თუ ქართველები ვითარდებიან, არამედ მათი მეტოქეები და საქართველოზე ეკონომიკურად უფრო ძლიერი პორტუგალია და ლისაბონი მათთვის, ცხადია, უფრო სასურველი კანდიდატურაა, ვიდრე ურჩი თბილისი. მთავარია, რუმინეთის ბედი არ გავიზიაროთ. კიდევ ერთხელ: რაგბი არის სამყაროს მინი-მოდელი…

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
