ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა

Home აქეთურ-იქითური ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
Andres Iniesta of Spain, Lionel Messi of Argentina and Xavi of Spain during a press conference prior to the FIFA Ballon d'Or Gala 2010 t the congress...
ლეგენდარული ტრიო: ინიესტა, მესი, ჩავი

ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც ამომრჩეველი ლაპორტას წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ჩავი 2021-24 წლებში „ბარსას’’ წვრთნიდა. ის იგონებს, რომ 2023-ში ლეო მესის „კამპ ნოუზე’’ დასაბრუნებლად ყველაფერი მზად ჰქონდა, მაგრამ გარიგება პრეზიდენტმა ჩაუშალა.

„მესი დავითანხმეთ. შემდეგ მე ისევ დავურეკე ლეოს და მან მითხრა, რომ ძალიან უნდა დაბრუნება, მაგრამ ლაპორტამ ყველაფერი გააფუჭა. მან თქვა, რომ თუ ლეო დაბრუნდებოდა, კლუბში ხელფასების ომი დაიწყებოდა. მერე ლეომ ჩემი ზარების პასუხი შეწყვიტა. რატომ? იმიტომ, რომ მას უთხრეს – „ბარსელონაში’’ მისი გადმოსვლა გამორიცხული იყო. ერთი სიტყვით, მესი „ბარსაში’’ იმიტომ არ დაბრუნდა, რომ ეს პრეზიდენტს არ უნდოდა. ტყუილია, თითქოს ლა ლიგა ქმნიდა დაბრკოლებებს ან ლეოს მამა ხორხე მესი ბევრ ფულს ითხოვდა. საქმე პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ ჩაშალა. პირადად მე მესის დაბრუნებაზე ვოცნებობდი და ახლაც მგონია, რომ მისი „კამპ ნოუზე’’ ჩამოსვლა გუნდს გოლების გატანაში დაეხმარება. ლეო ჩვენთან კვლავ მიაღწევდა დიდ წარმატებას, რაც თავადაც ძალიან უნდოდა და მეც ამას ვნატრობდი’’, – თქვა ჩავიმ.

– თქვენ ვიქტორ ფონტს უჭერთ მხარს. მისი გამარჯვების შემთხვევაში კლუბში დაბრუნდებით?, – ჰკითხეს ლეგენდას.

„ახლა ვფიქრობ, რომ „ბარსაში’’ არასდროს დავბრუნდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ როგორც ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ამ კლუბში თავი ამოვწურე’’.

– თქვენ თქვით, რომ მესიმ თქვენს ზარებზე პასუხი შეწყვიტა. მასთან კვლავ დალაპარაკებას დრო დასჭირდა?

„დიახ. ლეოს ეგონა, რომ მეც ლაპორტას სქემის მონაწილე ვიყავი. ამან ჩვენს შორის ურთიერთობა გააფუჭა, მაგრამ ახლა ერთმანეთთან ისევ კარგად ვართ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.