პრობლემა ყველა რგოლში

Home აქეთურ-იქითური პრობლემა ყველა რგოლში
პრობლემა ყველა რგოლში

ჟოაო ნევეში 25 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „მონაკოს’’ წინააღმდეგ (2:2). მას მერე ორი კვირა სრულდება, პსჟ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე „ჩელსის’’ ხვდება. „პარიზიენი’’ წერს, რომ ორკვირიანმა უმოქმედობამ პორტუგალიელ ნახევარმცველს პრაქტიკა მოაკლო, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში, რითაც ინგლისური პრემიერლიგის გუნდები არიან ცნობილები. 25 თებერვლის შემდეგ ფეხბურთელი ნატკენ კოჭს მკურნალობდა.

Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain runs with the ball during the Ligue 1 McDonald's 2025/2026 match between Paris Saint-Germain and AS...
გამოსავალი – ხვიჩა კვარაცხელია

ბოლო ცნობების თანახმად პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი უკეთაა, მაგრამ შეიყვანენ თუ არა მას „ჩელსისთან’’ შეხვედრის განაცხადში, ბოლო ვარჯიშებზე უნდა გამოჩნდეს.

ლონდონელებთან შეხვედრის წინ ლუის ენრიკეს ოსმან დემბელეს მდგომარეობაც გასარკვევი აქვს. ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრაში, „მონაკოსთან’’ დემბელე მოედანზე 30 წუთით შევიდა და ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ „პარიზიენის’’ აზრით ის საუკეთესო ფორმისგან შორს არის. საერთოდ, დემბელე ხშირად მოძრაობს მოედანსა და სამედიცინო კაბინეტს შორის.

შემდეგ გაზეთი კითხულობს: როგორ უნდა გაუწიოს პსჟ-მ წინააღმდეგობა „ჩელსის’’, თუკი ორი წამყვანი ფეხბურთელი პიკზე არ ჰყავს?

დაცვის გარდა ლუის ენრიკეს გუნდის ყველა რგოლში პრობლემა აქვს. ნახევარდაცვას ფაბიან რუისის ტრავმის გამო პრესინგის თამაში უჭირს, ყმაწვილი დრო ფერნანდესი კი ჯერ ახალ გუნდში ადაპტაციას გადის. ნევეშზე ზემოთ მოგახსენეთ. ვინ უნდა ითამაშოს ვიტინიასა და 20 წლის უორენ ზაირ-ემერის მხარდამხარ? არის ორი ვარიანტი: კანგ-ინ ლი, რომელსაც ესპანელი მწვრთნელი რატომღაც არ წყალობს ან სენი მაიულუ, რომელმაც მართალია ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრიდან ხუთში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ 8 თებერვლის მერე ტრავმას იშუშებდა.

თავდასხმაში მთავარი პრობლემა დეზირე დუეს ცუდი ფორმაა. შემტევთა შორის ყველაზე კარგად ბრედლი ბარკოლა თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე კი „პარიზიენი’’ ასე წერს: „ის ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ხშირად კარგად გამოდის და ეს გამოსავალია’’.

კარში მატვეი საფონოვი იდგება. და ერთადერთი რგოლი, სადაც სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის, დაცვაა: აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიან პაჩო და ნუნუ გომეში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.