„შავმა ლომმა“ საფრანგეთში „მონტობანს“ 31:28 მოუგო!
ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მოხდა ის, რასაც რაგბის ქართველი ქომაგები აგერ უკვე მესამე სეზონი ვლამობდით. მართალია, თავის სადებიუტო ცდაზე, 2023 წელს „შავმა ლომმა“ უელსური „სკარლეტსი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს ტოპ 14-ის იმდროინდელ აუტსაიდერ „ვანს“ ავჭალაში მოუგო, მაგრამ იმ ორ გამარჯვებაში ქართულ ფრენჩაიზს 4 ლელო ვერ გაუტანია და შესაბამისად, ვერც ბონუსი მიუღია..
შაბათს კი, მონტობანის აგრესიულ „საპიაკზე“, ილო მაისურაძისა და ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა გუნდმა საკუთარი ისტორია გადაწერა. მეორე ტაიმის საწყის წამებზე გიორგი სინაურიძემ მაპინძლები დაალელოვა და ეს იყო „შავი ლომის“ მე-4 ლელო, რომელმაც გარანტირებული ბონუსი უკვე 41-ე წუთზე მოგვიტანა.
მანამდე იყო შესანიშნავი პირველი ტაიმი, ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი ფრენჩაიზის ისტორიაში, არადა, დღევანდელი შემადგენლობა ალბათ ყველაზე სუსტია, რაც „შავი ლომი“ არსებობს. მე-7 წუთზე ლუკა ცირეკიძემ გუნდის უმაგრესი შეტევა ეფექტური ფინტაობითა და ლელოში შევარდნით დაასრულა, თუმცა კიდიდან გარდასახვა ააცილა – 5:0.
ქართული გუნდი ფრანგულს ფიზიკურად აშკარად სჯაბნიდა და მომდევნო წუთებში ინიციატივასაც ფლობდა, თუმცა ტაიმის შუისთვის მასპინძელთა გარემარბმა ივან რეილაკმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ვეტერანმა მგეზავმა ჟერომ ბოსვიელმა უნაკლოდ გარდასახა. ამ უკანასკნელმა შემდგომშიც ზუსტად ურტყა, რასაც ცირეკიძეზე ვერ ვიტყვით. მერამდენე თამაშია, ეს უდავოდ ნიჭიერი მორაგბე უმნიშვნელოვანეს დარტყმებს აცილებს. ასე მოხდა 27-ე წუთზეც, როცა აკაკი ტაბუცაძემ საფირმო სტილში გუნდის უბრწყინვალესი, ელვისებური ხელდახელ შეტევა დააგვირგვინა – 10:7.
ხოლო როცა ტაიმის დასრულებას 3-4 წუთი აკლდა, ქართველებმა ზედიზედ ორჯერ შეკრეს მოლი, მეორე კი მასპინძლებმა უხეშად ჩაშალეს, რამაც იტალიელ არბიტრს ტექნიკური ლელოს დაფიქსირებასა და დამნაშავე დამცველის გაძევებისკენ უბიძგა – 17:7! მონტობანელები ქართველებს სრული შემადგენლობით ვერ უმკლავდებოდნენ და კაცნაკლულები კი სრულად დაიჩაგრნენ.
„შავმა ლომმა“ ეს უპირატესობა მეორე ნახევრის დებიუტში მაქსიმალურად გამოიყენა – სინაურიძის ლელოზე უკვე გითხარით, სამიოდე წუთში კი ლუკა ცირეკიძემ მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოავლინა და ლელოების დუბლიც შეასრულა. ორივე ლელო მისმა უმცროსმა სეხნიამ – ლუკა თაყაიშვილმა დამაჯერებლად გარდასახა – 31:7!
ამასობაში „საპიაკის“ ტრიბუნები კაი „სტად დე ფრანსივით“ აგუგუნდნენ, ფანების მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა მონტობანელებმა ჯიქურ შეუტიეს, ქართველთა ფიზიკური უპირატესობაც უმალ გაქრა, მერე ჯარიმების სიხშირეს დემე თაფლაძის გასინბინება მოჰყვა. შედეგად, თითქოსდა დიდი ხნის წინ მოგებული თამაში მის დასრულებამდე 3 წუთით ადრე უკიდურესად დაიძაბა. მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელო გაიტანეს და ქართველებს 3 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდნენ – 28:31. ჰოდა, ამ დარჩენილ ორ ასეულ წამში ჩვენმა ბიჭებმა მთელი ჯანი, ვნება და ნევისყოფა ჩადეს – დრო მეტად სარისკო ჯაჯგურში გალიეს და ისტორიაში პირველი ბონუსიანი გამარჯვება დააფიქსირეს!
ეს კი არა, 17 იანვარს „მიხეილ მესხზე“ იტალიურ „ძებრეს“ ველით და თუ აპენინელებსაც ვაჯობეთ, პლეი-ოფშიც გავალთ!
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
