ზიდანმა ცხადია იჩხუბა

Home სიახლეები ზიდანმა ცხადია იჩხუბა
ზიდანმა ცხადია იჩხუბა

The atmosphere was festive in the Barbès district of Paris for the match between Algeria and Nigeria. LP/Arnaud Dumontierპარიზის ბულვარ დე ლა შაპელიდან მარაქეშის „გრანდ სტადამდე’’ 2 ათასი კილომეტრია, და იქიდან ზუსტი აღქმა, თუ რა ხდებოდა მოედანზე აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ალჟირსა და ნიგერიას შორის ძნელი იყო, მაგრამ „ჰბაბნას’’ სწრაფი კვების ცნობილ რესტორანთან შეკრებილი ალჟირელები თეთრ-მწვანე დროშებს აფრიალებდნენ და… მაშინაც კი იღიმებოდნენ, როდესაც „ფენეკებმა’’ (უდაბნოს მელებმა) მეორე გოლი გაუშვეს. რა უხაროდათ? „ალჟირელობა თავისთავად სიხარულის საბაბია’’, – განუმარტა „პარიზიენის’’ კორესპონდენტს 19 წლის რაიანმა, რომელიც მეგობრებთან ერთად ტროტუარზე იჯდა და თამაშს ტელეფონში უყურებდა. მავანი მადამ სოლანჟი კი პარიზიდან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბოვედან სწორედ ამ განცდისთვის ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქში. „ეს მინდოდა. აქ ამიტომ ჩამოვედი’’, – უთხრა მან იმავე ჟურნალისტს.

შეხვედრა ნიგერიამ მოიგო 2:0. გაწბილებულმა ალჟირელებმა „ჰბაბნასთან’’ მობილიზებულ პოლიციის რაზმს ბოლოს ერთი ბოთლი და შეურაცხმყოფელი სიტყვები ესროლეს, პასუხად ცრემლსადენი გაზი მიიღეს და მცირე ჯგუფებად დაიშალნენ.

საფეხბურთო წრეებში ყველაზე ცნობილი ალჟირელის ზინედინ ზიდანის ვაჟის, მეკარე ლუკა ზიდანის აფრიკული ოცნება კი მარაქეშის სტადიონზე მეოთხედფინალში დასრულდა. მან „ფენეკების’’ კარი პირველ სამ შეხვედრაში მშრალად შეინახა, მაგრამ ნიგერიასთან ვერაფერი გააწყო, რადგან „სუპერარწივებმა’’ მას და მის თანაგუნდელებს აჯობეს. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „გრანადას’’ გოლკიპერი რამდენიმე ეპიზოდში თავადაც არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. ერთ ეპიზოდში შვილი-ზიდანის შეცდომა რამი ბენსებაინიმ გამოასწორა, თორემ გოლი გადიოდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი ზიდანი ძლივს გააკავეს, „ბრიუგეს’’ ნახევარმცველის რაფაელ ონიედიკას ცემა უნდოდა.

ნიგერიელებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს. 47-ე წუთზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ ვიქტორ ოსიმენმა შეაგდო, 57-ე წუთზე კი „სევილიას’’ ფორვარდმა აკორ ადამსმა. მეკარე-ზიდანის თამაში ორივე ეპიზოდში განხილვის ობიექტი გახდა, თუმცა გოლები მას არ ბრალდება.

ალჟირელების კარი ადამსის კიდევ ერთი დარტყმის მერე ძელმა იხსნა, 81-ე წუთზე კი ნიგერიელებს ერთი გოლის გატანაც შეეძლოთ. ნიგერია 15 იანვარს ჩემპიონატის მასპინძელ მაროკოს ხვდება.

აგადირში „სტად ადრარზე’’ ეგვიპტემ კოტ დ’ივუარს 3:2 მოუგო. შეხვედრის დაძაბულობაზე თავად ანგარიში მიგვითითებს. არადა, „ფარაონებმა’’ მე-4 წუთზევე შეაგდეს პირველი გოლი, ანგარიში „მანჩესტერ სიტის’’ თავდამსხმელმა ომარ მარმუშმა გახსნა. 32-ე წუთზე მო სალაჰის ჩაწოდებული კუთხურიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ „ალ აინის’’ მცველმა რამი რაბიამ თავით მეორე შეაგდო, მაგრამ მეორმოცეზე ეგვიპტური „ზამალექის’’ მცველმა აჰმედ ფატუჰმა ასევე კუთხურიდან ჩაწოდებული ასევე თავით თავის კარში გაიტანა. სალაჰმა ორგოლიანი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ 73-ეზე დეზირე დუეს ძმამ გუელა დუემ კვლავ და კვლავ კუთხურს მოყოლილი არეულობით ისარგებლა – ერთხელაც შეამცირა სხვაობა.

ნახევარფინალში ეგვიპტე 14 იანვარს სენეგალს დაუპირისპირდება.