მარსელინო: ამას მოჰყვა მესამე, რომელიც ტექნიკის ბრწყინვალე დემონსტრაცია გახლდათ

Home კატეგორიის გარეშე მარსელინო: ამას მოჰყვა მესამე, რომელიც ტექნიკის ბრწყინვალე დემონსტრაცია გახლდათ
მარსელინო: ამას მოჰყვა მესამე, რომელიც ტექნიკის ბრწყინვალე დემონსტრაცია გახლდათ

Georges Mikautadze celebrates his goal, the third of the match against Alavés.„მას პირველ ტაიმში პასებს არ აწვდიდნენ, მეორეში კი საქმეში ჩაერთო, გოლი გაიტანა და კიდევ ერთის გატანა შეეძლო’’, – დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ვილიარეალმა’’ „ალავესს’’ 3:1 მოუგო. ფავორიტი რასაკვირველია მასპინძელი იყო, მაგრამ შესვენებამდე ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა სტუმრებმა უფრო კარგად ითამაშეს. „ვილიარეალს’’ ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი 30-ე წუთისთვის ჰქონდა, როდესაც მიქაუტაძემ საჯარიმოში დასარტყმელი პოზიცია გამოძებნა და მარჯვენათი, მოჭრილი დარტყმით ძელს ოდნავ ააცილა.

შესვენების მერე, 50-ე წუთზე ის, რაც არ გამოუვიდა მიქაუტაძეს ბრწყინვალედ გამოუვიდა ალბერტო მოლეიროს – 1:0. შვიდ წუთში სტუმართა მეკარემ ანტონიო სივერამ თავის ბაქანში იყოჩაღა, ბურთი ქართველ ფორვარდს ფაქტობრივად ფეხიდან ააცალა, მაგრამ ის ხერარდ მორენოსთან მიგორდა, მისი დარტყმული კი ზუსტი იყო. ხოლო 75-ე წუთზე მიქაუტაძემაც შეაგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, მოლეირომ „ყვითლების’’ 9 ნომერს შესანიშნავი პასი მიაწოდა და მანაც დიდებულად გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე.

მიქაუტაძეს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა პირისპირ შესულს სივერამ არ გაატანინა.

ბოლოს ტონი მარტინესმა მასპინძლებს ერთი გოლით უპასუხა.

მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ თქვა, რომ მისმა გუნდმა პირველ ტაიმში თავისი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ აჩვენა და პირველი 30 წუთის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში ვერც კი შევიდა. მეორე ტაიმი მწვრთნელის აზრით ძალიან კარგი იყო. ჯამში მარსელინო კმაყოფილი დარჩა, რადგან მისმა გუნდმა სამი ქულა მოიპოვა და „ბარსელონასთან’’ მარცხის შემდეგ შინ გაიმარჯვა.

„თქვენ უეჭველად ისიამოვნებდით თამაშის ხარისხით, რომელიც ჩემმა ბიჭებმა მოედანზე აჩვენეს. ჩვენ შესანიშნავი პირველი გოლი გავიტანეთ, შემდეგ იყო კიდევ ერთი დიდებული კომბინაცია, რომელიც ხერარდის გოლის დასრულდა და ამას მოჰყვა მესამე (მიქაუტაძის) გოლი, რომელიც ტექნიკის ბრწყინვალე დემონსტრაცია გახლდათ’’.

მიქაუტაძეს flashscore-მა 7.4 ქულა დაუწერა (მესამე შეფასება მეკარე ლუის ჟუნიორთან ერთად), sofascore-მა 7.7 (მეორე შეფასება ხუან ფოიტთან ერთად), whoscored-მა 8.0 (მეორე შეფასება), ხოლო fotmob-მა 7.9 (მეორე შეფასება).

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.