„პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგოს’’ პენალტებით მოუგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 2025 წელს ეს პარიზელთა გუნდის მეექვსე ტიტული გახლდათ. ასეთი შედეგისთვის ადრე მხოლოდ „ბარსელონას’’ და „ბაიერნს’’ მიუღწევია 2009 და 2020 წლებში. ფრანგული საიტის sofoot-ის ჟურნალისტ ტომა მოლერკს გაუჩნდა კითხვა: რომელი გუნდი სჯობია წლევანდელი პსჟ თუ 2009 წლის „ბარსელონა’’? მან თავისი მოსაზრებები გაგვაცნო, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ.
ისტორია ასეთია: 2008-09 წლების სეზონის წინ „ბარსელონას’’ მწვრთნელად დაინიშნა პეპ გვარდიოლა. ახალი თავკაცის მისვლას ძალიან მალე ვარსკვლავების დეკუსა და რონალდინიუს გაშვება მოჰყვა. მაშინვე „კამ ნოუზე’’ ჩაიყვანეს დანი ალვეში, „სარაგოსადან’’ დააბრუნეს ჟერარდ პიკე და წინა პლანზე წამოწიეს პედრო და სერხიო ბუსკეტსი.
გუნდმა სეზონი წაგებითა და ფრით დაიწყო, მაგრამ შემდეგ საუცხოოდ ათამაშდა: პირველ 10 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. დაახლოებით ასევე ეფექტური იყო პსჟ-ს 2024-25 წლების სეზონიც. პარიზელებმა პირველი 30 შეხვედრიდან 24 მოიგეს და 6 ფრედ ითამაშეს, არ დამარცხებულან.
ამ ორ გუნდს შორის მთავარი მსგავსება კოლექტივიზმია, რასაც ერთგან გვარდიოლამ, ხოლო მეორეგან ლუის ენრიკემ მიაღწიეს. და მაინც, sofoot-ის ჟურნალისტს მიაჩნია, რომ 2009 წლის ბარსელონაში უფრო დიდი ინდივიდუალისტები თამაშობდნენ: ლეო მესი, ტიერი ანრი, სამუელ ეტო’ო, ჩავი, კარლეს პუიოლი და ერიკ აბიდალი.
„ბარსაში’’ 36 გოლიდან 26 სამმა კაცმა გაიტანა: მესიმ, ეტო’ომ და ანრიმ. ლუის ენრიკეს გუნდში კი ძალები თერთმეტ მოთამაშეს შორის უფრო თანაბრად იყო გადანაწილებული. გამოჩნდა სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე: ჟოაო ნევეში, ვილიან პაჩო და ვიტინია.
„პარი სენ ჟერმენი’’ თავიდან ჩემპიონთა ლიგაში კარგად ვერ თამაშობდა, ჯგუფური ეტაპი მე-13 ადგილზე დაამთავრა, მაგრამ ნელ-ნელა მოუმატა და ფინალში „ინტერს’’ 5:0 მოუგო. ასე შეჯიბრების ისტორიაში ერთ გუნდს მეორე არ გაუნადგურებია.
2024-2025 წლების სეზონში „პარი სენ ჟერმენს’’ ძალიან გაუმართლა ― ოსმან დემბელე ბრწყინვალე ფორმაში იყო, შესაძლოა კარიერის საუკეთესო ფორმაშიც კი. მან 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გადააწოდა.
2008-09 წლების სეზონი კი მესისთვის იყო პირველი, როდესაც მან 30 გოლზე მეტი შეაგდო. არგენტინელი რასაკვირველია შორს იყო 2012 წლის მონუმენტური შედეგისგან, როდესაც 91 გოლი შეაგდო, მაგრამ მისი მონაგარი მაინც შთამბეჭდავი იყო.
და მაინც, ფრანგი ჟურნალისტის აზრით, არგენტინელს და მის თანაგუნდელებს უფრო მეტად ჰქონდათ მატჩის ბედის ინდივიდუალურად გადატეხვის უნარი. თუმცა მოლერკი პსჟ-ს შემადგენლობაშიც ასახელებს რამდენიმე მოთამაშეს, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში საკვანძო როლს თამაშობდნენ. მისი აზრით ასეთები იყვნენ ფაბიან რუისი, აშრაფ ჰაკიმი და დეზირე დუე.
ჟურნალისტის აზრით 2025 წლის პსჟ-სა და 2009 წლის „ბარსელონას’’ შედარება დღის წესრიგში არ იდგებოდა პარიზულ გუნდს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ანუ მეშვიდე ტიტული რომ მოეგო, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, ფინალში „ჩელსისთან’’ წააგო.
რაც შეეხება სტაბილურობას, იმდროინდელმა „ბარსამ’’ სიმძლავრე არ დაკარგა და შემდეგი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჰეგემონი იყო, პსჟ კი ფიზიკურად გადამწვარს ჰგავს და მოლერკის აზრით ამ სეზონში ვეღარ ბრწყინავს. დემბელეც ვეღარ თამაშობს ძველებურად.
და მაინც sofoot-ის მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ჯერ კატეგორიულად ლაპარაკი ძალიან ადრეა, რაც მართალია. ერთადერთი, რაც ამ მიმოხილვაში გაუგებარია, რატომ არ ახსენებს ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს. ქართველი გარემარბის „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ჩვენი აზრით ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ამ ტიპის წერილში მისი ხსენება სამართლიანობას და უსამართლობას თავი დავანებოთ, სწორი იქნებოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
