რა მოუვიდა პარიზელთა თავდასხმას ფლამენგოსთან?

Home სიახლეები რა მოუვიდა პარიზელთა თავდასხმას ფლამენგოსთან?
რა მოუვიდა პარიზელთა თავდასხმას ფლამენგოსთან?

„პარიზიენმა’’ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასზე „პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებას ეხება და „ფლამინგოსთან’’ მატჩს (1:1; პენალტებით პარიზელებმა მოიგეს) განსხვავებული კუთხით განიხილავს. წერილი კარში დარტყმების სტატისტიკით იწყება: დეზირე დუე – 1, კანგ ინ ლი – 1, ხვიჩა კვარაცხელია – 2, ბრედლი ბარკოლა – 1, ოსმან დემბელე – 4. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა 23 დარტყმიდან შემტევი ხაზის მოთამაშეებმა შეასრულეს მხოლოდ 9 ანუ ნახევარზე ნაკლები.

გამოცემა შეგვახსენებს, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ მეტოქეები თავს განსაკუთრებული მონდომებით იცავენ, უფრო ხშირად კი ასეთ ხერხს მიმართავენ: როდესაც ბურთი მათ საჯარიმოს უახლოვდება გვარიანად უკან გაუვალ კედლად დგებიან, დანარჩენ დროს კი ცდილობენ ის მაღალი პრესინგით მოიპოვონ.

Les "heatmaps" de Doué, Lee et Kvaratskhelia face à Flamengo, ce mercredi soir.
დუეს, ლისა და კვარაცხელიას მოქმედებათა რუკები

„პარიზიენის’’ აზრით „ფლამინგოსთან’’ შეხვედრა ჰგავდა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრას სხვა ბრაზილიურ გუნდ „ბოტაფოგოსთან’’, რომელიც სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმ თამაშის მერე ლუის ენრიკემ თქვა კიდეც, ასე ძლიერად ჩვენ წინააღმდეგ ამ სეზონში თავი არავის დაუცავსო.

სტატისტიკა საინტერესო სურათს გვიხატავს: ბრაზილიური გუნდი შეხვედრის განმავლობაში 16-ჯერ დაჯარიმდა და აქედან თავისი საჯარიმოს მიმდებარედ ანუ პირველ 30 მეტრში მხოლოდ ორჯერ. ეს სხვა არაფერია თუ არა ტაქტიკა: წავაქციოთ მოწინააღმდეგეები ხშირად, ოღონდ მხოლოდ მოედნის შუაში ან კიდევ უფრო წინ, რათა მათი შეტევები ჩვენი კარიდან შორს ჩაიშალოს და პარიზელთა თავდამსხმელებს გამწვავების შესაძლებლობა არ მიეცეთ.

„პარიზიენი’’ შეგვახსენებს, რომ პირველ ტაიმში დუე, კვარაცხელია და ლი (მისი დაშავების შემდეგ კი მაიულუ), ხშირად ჩადიოდნენ უკან, ფაქტობრივად ნახევარმცველების პოზიციიდან მოქმედებდნენ, რაც ნუნუ მენდეშს, ფაბიან რუისს და უორენ ზაირ-ემერის მათ პოზიციებზე, შეტევაში შევარდნის შესაძლებლობას აძლევდა. ამიტომაც არაფერია უცნაური იმაში, რომ კარში ფორვარდებზე მეტჯერ დაარტყა ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა (6), რომელმაც ამ მაჩვენებლით დემბელესაც (4) გაასწრო და ვიტინიასაც (3).

გამოცემა ამბობს, რომ მოედანზე პარიზელი შემტევებისთვის აგრესიული გარემო იყო შექმნილი. თითოეული მათგანის მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებასა და ბურთთან ყოველ შეხებას ავტომატურად მოსდევდა სულ მცირე ერთ მოწინააღმდეგესთან ძალისმიერი დაპირისპირება, რის გამოც ისინი თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდნენ, რაც ძალიან ლოგიკური იყო. ამიტომაც, მაგალითად მე-12 წუთიდან 30-ე წუთამდე პსჟ-ს ფეხბურთელებმა კარში საერთოდ ვერ დაარტყეს და ამაოდ ცდილობდნენ ამის გაკეთებას მეორე ტაიმში 71-ე წუთამდე. დამატებითი დროის პირველ ნახევარშიც პარიზელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარისკენ.

განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდა სასტარტო შემადგენლობის სამი თავდამსხმელი. დუემ ბურთი 18-ჯერ დაკარგა და მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებთან ანუ მოედნის მესამე მესამედში 5 ცდიდან მხოლოდ ორჯერ მოატყუა მეტოქე. კვარაცხელიამ მეტოქის მოტყუება სულ 5-ჯერ სცადა, ლი ბურთს ოდენ 21-ჯერ შეეხო, ხოლო მკვირცხლმა მაიულუმ 19 შეხებიდან 6-ჯერ დაკარგა ბურთი. შეგახსენებთ, რომ მაიულუმ კორეელი ლი 35-ე წუთზე შეცვალა, 64-ზე კი თავად ის შეცვალეს.

დუემ კვარაცხელიას შესანიშნავი საგოლე პასი მიაწოდა. ეს მოხდა ერთ-ერთ იმ იშვიათ მომენტში, როდესაც ალექს სანდრომ მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ თავად ფრანგ თავდამსხმელს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა უჭირდა. მან ერთადერთხელ დაარტყა კარში და ეს 78-ე წუთზე მოხდა. მერე ის მალევე შეცვალა დემბელემ.

À gauche, la position moyenne des joueurs parisiens titulaires. On peut voir que Doué (14), Lee (19) et Kvaratskhelia (7) ont évolué très bas, contrairement aux entrants, à droite : Dembélé (10), Barcola (29) et Mbaye (49).
პარიზელი ფორვარდები უკნიდან თამაშობდნენ – 7 კვარაცხელიაა

ფიფასა და „ფრანს ფუტბოლის’’ ვერსიით 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დემბელემ კი კარში ხეირიანად დარტყმა ვერც კი მოახერხა: ერთხელ დაბლოკეს, სამჯერ კი ააცილა. პენალტების სერიაზე აქ აღარაფერს ვიტყვით, როდესაც დემბელემ ბურთი ხარიხას გადააცილა.

უკეთ ვერც ბარკოლამ და იბრაჰიმ მბაიემ ითამაშეს. ბარკოლამ 117-ე წუთზე ერთადერთხელ მოახერხა კარში დარტყმა, მბაიე კი ბურთს 18-ჯერ შეეხო, ხოლო კარში არ დაურტყამს.

შესაბამისად, პარიზელებს წინა პლანზე გამარჯვებულის მენტალიტეტისა და მეკარე მატვეი საფონოვის წამოწევა მოუხდათ, რის წყალობითაც მიაღწიეს წარმატებას.