„პარი სენ ჟერმენს’’ ხუთშაბათის ვარჯიში პრესისთვის ღია ჰქონდა. შედეგად, პუასის საწვრთნელ ცენტრში მისულმა ჟურნალისტებმა იხილეს, თუ როგორ შეუერთდა თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებული დეზირე დუე, რომელმაც მათ თვალი მოსჭრა თავისი აჩქარებებით, ბურთის ფლობით და სხვა კომპონენტებით. ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი ახალი გამოჯანმრთელებულის კვალობაზე ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ეჭვი არაა, ძალიან მალე საქმეშიც ვიხილავთ.
რამდენიმე დღის წინ 2025 წლის „ოქროს ბიჭად’’ დასახელებულმა დუემ 29 ოქტომბერს „ლორიანთან’’ შეხვედრაში ბარძაყის კუნთი გაიჭიმა და თვეზე მეტი მკურნალობას მოანდომა. მის თვალებზე მაშინ მომდგარი ცრემლი და ტკივილის გრიმასა ხუთშაბათს ღიმილმა შეცვალა. ვარჯიშის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე დუემ თქვა:
„საქმე უკეთ და უკეთ მიდის. თავს კარგად ვგრძნობ. დიდებულია, რომ ტკივილი საერთოდ აღარ მაწუხებს. ვითამაშებ თუ არა შაბათს „რენის’’ წინააღმდეგ, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. თუ არ მათამაშებს, პრობლემა არ არის. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა თავად ვგრძნობ, რომ მზად ვარ’’.
„პარი სენ ჟერმენის’’ დამოკიდებულება ტრავმირებული ფეხბურთელების მოედანზე დაბუნებისადმი ცნობილია. კლუბი ყველაზე მეტად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდება. ის არ გაწევს რისკს და დროზე ადრე არ დატვირთავს ფეხბურთელს, რომელმაც ზემოთ ხსენებულ ტრავმამდე, სექტემბრის დასაწყისში ნაკრებში კოჭი იტკინა და ექვსი კვირა გაუცდა.
ვიხილავთ დუეს შაბათს მოედანზე თუ არა, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში ბილბაოში მისი შემადგენლობაში გამოჩენა სრულიად მოსალოდნელია. 20 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში ბევრი გაუცდა, მაგრამ მაინც მოასწრო 8 შეხვედრაში 3 გოლის გატანა ორი საგოლე პასის გადაწოდება.
რაც შეეხებათ ლუკა შევალიეს და ნუნუ მენდეშს, მათ ხუთშაბათსაც ვერ ივარჯიშეს.
ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ჯანმრთელობისა და ძალების აღდგენას აშრაფ ჰაკიმი, რომელიც მწყობრიდან „ბაირნთან’’ შეხვედრაში ლუის დიასმა გამოიყვანა. ბრაზილიელი მცველი ლუკას ბერალდო კი დარბაზში, ტრენაჟორებთან ვარჯიშობს, რათა მარცხენა ფეხის კოჭის ტრავმის შემდეგ ძალები აღიდგინოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
