დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.
იმ დღეს სენ დენიში საფრანგეთი გერმანიას მასპინძლობდა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა. საღამოს ათის ოც წუთზე სტადიონთან პირველი აფეთქების ხმა გაისმა, რომელსაც კიდევ ორი მოჰყვა. ტრიბუნაზე საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იჯდა. სანამ ყველაფერი გაირკვეოდა მატჩი ქაოსში გრძელდებოდა.
დღეს, ტრაგედიის ათი წლის თავზე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია უკრაინასთან შეხვედრის წინ წუთიერ დუმილს გამოაცხადებს. მოედანზე გამოიტანენ ბანერს წარწერით „ფეხბურთი მშვიდობისკენაა’’, მოთამაშეებს კი ლურჯი ყვავილის ემბლემა ეკეთებათ. შეხვედრას დაესწრებიან ოლანდი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი და სალიმ ტურაბალი, დაცვის თანამშრომელი, რომელიც სტადიონის შესასვლელთან ერთ ტერორისტს გაუმკლავდა.
ცხადია სტადიონზე იქნება რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ტერორისტული აქტების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გაიმართება ცერემონიალი. პრეზიდენტის კორტეჟი გაემგზავრება ზემოხსენებულ კაფე-რესტორნებთან, ხოლო საღამო დასრულდება „ბატაკლანში’’, სადაც ათი წლის წინ ჯგუფ Eagles of Death Metal-ის კონცერტზე 90 ადამიანი დაიღუპა. სათითაოდ წაიკითხავენ ყველა დაღუპულის სახელსა და გვარს.
„გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა უკრაინასთან შეხვედრა 13 ნოემბერს რომ არ გამართულიყო. ეს განსაკუთრებული დღეა, სხვადასხვა ღონისძიებით. გულწრფელად გეტყვით, ათი წლის წინანდელის გახსენების ძალა არც მყოფნის’’, – თქვა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 09:41ბაქოში ბარსას აგინეს
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 08:49ლუის ენრიკე: ტრავმები ცუდია, მაგრამ სხვა შანსი გვეძლევა
მთავარი ამბავი25/11/2026 | 07:40ინგლისელებისთვის უიღბლო სამშაბათი
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 08:16ფრანჩესკო ტოტის გულწრფელი ინტერვიუ
