სულელური საქციელი

Home კატეგორიის გარეშე სულელური საქციელი
სულელური საქციელი

ფრანგმა უგო ეკიტიკემ „ლივერპულს’’ გამარჯვება მოუტანა, მაგრამ მწვრთნელიც გააბრაზა. ეს ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრის 85-ე წუთზე მოხდა, როდესაც თავდამსხმელმა თანაგუნდელების ლამაზი კომბინაცია შედარებით იოლი დარტყმით დაასრულა, შემდეგ კი მაისური გაიხადა და ტრიბუნას თავისი ნომერსა და გვარზე მიუთითა. საფინალო სასტვენამდე 5-10 წუთით ადრე ასეთ საქციელში კატასტროფული არაფერი იქნებოდა 53-ე წუთზე მიღებული პირველი ყვითელი ბარათი რომ არა. არასათანადო ზეიმის გამო ეკიტიკეს მეორე ყვითელი ბარათი ამოუღეს და მოედნიდან გააძევეს. სულელურმა გაფრთხილებამ კი მერსისაიდელთა თავკაცი არნე სლოტი გააბრაზა. როგორც ამბობენ, სლოტმა გასახდელში ფრანგისკენ არც კი გაიხედა.

მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე სლოტმა თქვა: „დიახ, ეს ყვითელი არასაჭირო და სულელური იყო. ეკიტიკემ პირველი გაფრთხილებაც კი სულელურად მიიღო, ვინაიდან ემოციები უნდა აკონტროლო. კარგად ვიცი პრემიერლიგაში რა ძნელია თავდამსხმელობა. მცველს შეუძლია რაც უნდა ის გიქნას, შენ კი მას ოდნავაც რომ უბიძგო, იმწუთას დაგაჯარიმებენ. მაგრამ, მაინც სჯობს თავი აკონტროლო…

…გასახდელში ეკიტიკეს ვუთხარი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 87-ე წუთზე სამი მეტოქე რომ მოეტყუებინა და ცხრიანში გაეტანა, მაშინ მისი საქციელი გასაგები იქნებოდა. მან კი ბოდიში მომიხადა. იძახდა, ეს რა ჩავიდინე, ჩემი ბრალიაო. რას იზამ, მე ცოტა ძველმოდური ადამიანი ვარ. 47 წლისა შევსრულდი. ამ დონეზე არასდროს მითამაშია, მაგრამ თითოოროლა გოლი გამიტანია’’.

ეკიტიკემ მოგვიანებით სოციალურ ქსელში სრულიად „ლივერპულის ოჯახს’’ მოუხადა ბოდიში. თავი იმით იმართლა, რომ გოლის გატანა ძალიან გაუხარდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.